26 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ვინ არის მზად ენმ-სა და პარტიის ახალ თავმჯდომარესთან თანამშრომლობისთვის - პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

პარტია "ლელო" კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფავორიტ კანდიდატთან სამომავლო თანამშრომლობას გამორიცხავს, თუმცა მზადაა ჩრდილოვანი მმართველობის მოწინააღმდეგე ყველა პოლიტიკოსი საკუთარ რიგებში მიიღოს. "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში, "ფეისბუქის" დახმარებით, გაერთიანების გზავნილი მელიას მამუკა ხაზარაძემაც ღიად გაუგზავნა.

არჩევნების რეზულტატს კრიტიკულად შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც. ნაბიჯი წარსულისკენ - ასე შეაფასეს კოლეგებმა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ელექტორატის ახალი არჩევანი. "გირჩში" დღეს ისიც თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც მათი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა უნდა მოჰყვეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი "ნაცმოძრაობის" რეალურ სახესთან ყველაზე ახლოს დგას. მათი აზრით, ყოფილი ძალოვანი მინისტრების რჩეული შეეცდება პარტია კიდევ უფრო რადიკალური და დესტრუქციული გახადოს.

ახალ პოლიტიკურ მოცემულობას "ნაციონალურ მოძრაობაში" დადებითი შეფასება, დღეს, ხაბეიშვილის ყოფილმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მისცა. "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე მზადაა "ნაციონალურ მოძრაობასთან" აქტიურად ითანამშრომლოს. პოზიტიური მოლოდინი აქვს ვაშაძის კიდევ ერთ ყოფილ თანამოაზრესაც.

შიდაპარტიული არჩევნების შედეგები დღეს გიული ალასანიას დახმარებით შეაფასა პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმაც. ექს-პრეზიდენტის დედამ თქვა, რომ სააკაშვილი საკუთარი პარტიის წევრებს ერთიანობის შენარჩუნებას ურჩევს.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს თვითლუსტრაციის მორიგი ეტაპი უწოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილის ფიგურა კომიკურია.

გამოიწვევს თუ არა არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგ პოლიტიკურ გაყრას, უცნობია. დღეიდან პარტიის მომავალზე ოფიციალური პასუხისმგებლობა ლევან ხაბეიშვილმა გადაიბარა.

დღის ამბები