26 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
საქართველოს ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდაჭერა და მადლობა ოფიციალური ვენისგან - საქართველო ავსტრიის კანცლერს მასპინძლობს

საქართველოში ვიზიტით მყოფი ავსტრიის კანცლერი, თბილისში, ირაკლი ღარიბაშვილმა ვენაში ვიზიტის დროს თავად დაპატიჟა. ვენაშიც და თბილისშიც ოფიციალური შეხვედრებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია და ორი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით უერთიერთობების გაღრმავებას გეგმავს. სტუმრის საზეიმო მიღების ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში როგორც პირისპირ, ასევე გაფართოვებულ ფორმატში, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა არსებობს, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებზე და ინტერესებზეა დაფუძნებული. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო ევროპასთან კავშირის გასაძლიერებლად ყველა შესაძლებლობას იყენებს. ამ კონტექსტში განიხილეს შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და თქვა, რომ ქვეყანა მიმზიდველი გარემოა ინვესტორებისთვის. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია ავსტრიის კანცლერისთვისაც.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას საფრთხეს უქმნის. რუსული ოკუპაცია რომ საქართველოსთვის ამ დრომდე  საფრთხეა, პრემიერმა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სირთულეებს საქართველოს ხელისუფლება გონივრული და მშვიდობიანი პოლიტიკით უპირისპირდება. კარლ ნეჰამერმა მთავრობის პოლიტიკა შეაქო და თქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური გარემოც შეაფასეს. ხელისუფლება 12 რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს, თუმცა მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა, საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მხარს უჭერს ავსტრია. კარლ ნეჰამერმა დღეს თქვა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე პირობები უნდა არსებობდეს.

კარლ ნეჰამერის ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას რომ ნიშნავს, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "ტვიტერში" დაწერა. სოციალური ქსელის საშუალებით პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერის ვიზიტს კიდევ ერთხელ უწოდა ისტორიული. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღის ბოლოს კარლ ნეჰამერი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა.

დღის ამბები