დღეს ძმებმა კაკულიებმა პროცესზე, რომელიც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლას ეხებოდა, დუმილი დაარღვიეს. ძმებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ ისაუბრეს და დარბაზიდან გაყვანის დროს რეპლიკის სახით თქვეს, რომ ბრალდებები ცილისწამებაა და კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ.
"მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას", - აცხადებს გურამ კაკულია.
კაკულიების რეპლიკას არ იზიარებს კვარაცხელიას დედა. მისი განცხადებით, სისტემა, რომელსაც ნიკო კვარაცხელია შეეწირა გაშიშვლდება.
"ოჯახისთვის და ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია, განაჩენი დადგება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო და არაფერიო არ შეიცვლება. დამკვეთებიც, შემსრულებლებიც და სისტემა, რომელსაც ჩემი შვილი შეეწირა აუცილებლად გაშიშვლდება. ვიმეორებ, მეფეს ვნახავ შიშველს,"-აცხადებს იზა ომაძე.
ამასთან, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას ამბობდა, პროკურორმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მოწმეების ჩვენებებზე და ექსპერტიზის პასუხებზე ისაუბრა. პროკურატურა დარწმუნებულია, რომ სამივე ეპიზოდში, რასაც ძმებ კაკულიებს გამოძიება ედავება, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
ცნობისთვის: ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად, რა დროსაც იარაღიდან დაიჭრა სერგი ქურთიაშვილი და მასთან მყოფი პირი, გიორგი კაჭკაჭაშვილი. რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს, გამოძიება ასევე, კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების გამოვლენასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიებამ ძმები კაკულიებიც გამოჰკითხა.