26 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
იმ გზას, რაც დიდი ხანია ენმ-ს აღებული აქვს - ჭაობში ყოფნის და საბოლოოდ თვითლიკვიდაციის, ბრწყინვალედ და ღირსეულად შეასრულებს ახალი თავმჯდომარე - მათიკაშვილი

მმართველ გუნდში "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას ეხმაურებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ პარტია და მისი თავმჯდომარე ერთმანეთს "იდეალურად უხდებიან".

"ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო - ასე იდეალურად უხდებოდნენ თავმჯდომარე და პარტია ერთმანეთს, როგორც ეს ხაბეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობაა" - ძნელად წარმოსადგენია. ზუსტად გამოხატავდეს ამ პარტიის დესტრუქციულ და ნახევრად კომიკურ სახეს, ამას ალბათ სხვა თავმჯდომარე ისეთი წარმატებით ვერ შეძლებდა, რასაც ხაბეიშვილი შეძლებს.

იმ გზას, რაც დიდი ხანია "ნაციონალურ მოძრაობას" აღებული აქვს - ჭაობში ყოფნის და საბოლოოდ თვითლიკვიდაციის, ბრწყინვალედ და ღირსეულად შეასრულებს ის თავმჯდომარე, რომელიც პარტიამ აირჩია," - აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

რაც შეეხება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის გაერთიანების ნანგრევებზე რაღაც რევოლუციური კომიტეტი იქმნება.

"ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის გაერთიანების ნანგრევებზე იქმნება რაღაც რევოლუციური კომიტეტი. აქ არ იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, საუბარია იმაზე, როგორ მოხდეს დესტაბილიზაცია. კეზერაშვილი შეარჩიეს საუკეთესო აღმსრულებლად ამ რევოლუციური გეგმის, რომელიც დასახა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაგრამ რამდენად იქნება ეს ტრადიციული "ნაციონალური მოძრაობა" ტრადიციული ადამიანების დაქვემდებარების ან ხელმძღვანელობის ქვეშ - ამ შეკითხვებს პასუხს მომავალი გასცემს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

დღის ამბები