26 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
"პარტიამ უკან გადადგა ნაბიჯი, ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე" - ნუგზარ წიკლაური

შიდაპარტიული არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ნიკა მელიას მხარდამჭერები განცხადებას აკეთებენ. მათი განცხადებით, ისინი პარტიაში რჩებიან, თუმცა პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაბიჯი უკან გადადგა. 

"პარტიამ უკან გადადგა ნაბიჯი დღევანდელი გადაწყვეტილებით. დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში პოლიტიკაზე გაიმარჯვეს და პოლიტიკურ იდეალებზე.

ვრჩები პარტიაში, არ ვეთანხმები ახალი არჩეული მმართველობის კურსს, არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და გავუწევ ოპონირებას ყველას შესაძლო დემოკრატიული წესით. ასევე, არანაირი მონაწილეობა არ მექნება იმ მენეჯმენტში, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიმართ," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ენმ-ის საორგანიზაციო მდივნის თანამდებობას ტოვებს ბაჩო დოლიძეც. 

"მე პირადად, არ ვაპირებ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას იმ გუნდთან, რომელიც დღეს არის არჩეული. მაგრამ, ამავე დროს, პირველ რიგში, მე ვიკავებ საორგანიზაციო მდივნის პოზიციას, რომელსაც, რა თქმა უნდა, დღესვე ვთმობ. ეს ძალიან ბუნებრივია, არავინ არ მინდა, ბოიკოტად ჩათვალოს აღნიშნული გადადგმული ნაბიჯი. ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს მოცემულობაც უნდა მივიღოთ, ეს არის ძალიან დემოკრატიული პროცესი. ასე რომ წარმატებები გუნდს. მე, რა თქმა უნდა, ვრჩები პარტიის რიგებში, ვაგრძელებ ბრძოლას" - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

პარტიაში რჩებიან, თუმცა ასევე თანამდებობებს ტოვებენ აკაკი მინაშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მედიასთან ურთიერთობის მდივანი, გიორგი პატარაია.

ცნობისთვის, შეგახსენებთ,"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

დღის ამბები