26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
სიმსივნის ბიომარკების დადგენა ბიოფსიის გარეშე, დასაქმების აპლიკაცია, ხელოვნური ინტელექტი მასალის მოსამზადებლად, მოწყობილობა სათბურისთვის - ქართველი ახალგაზრდების ინოვაციები

მალე, შესაძლოა ქართველი ახალგაზრდის გამოგონებით სიმსივნის ბიომარკერების დადგენა, სისხლის ანალიზით ნახევარ საათში გახდეს შესაძლებელი. თუკი აქამდე მსგავსი უჯრედების ორგანიზმში აღმოსაჩენად ბიოფსიის ჩატარება იყო საჭირო და ხანგრძლივი ლოდინი, თომა გოჩიტაშვილისა და მისი თანაგუნდელების გამოგონებამ შესაძლოა მომავალში ყველაფერი შეცვალოს.

თომა გოჩიტაშვილი გერმანიაში უკვე 6 წელზე მეტია ცხოვრობს, მაგდებურგის მაქს პლანკის ინსტიტუტის კვლევით ჯგუფში მუშაობს. სისხლის ანალოგი შექმნა და კვლევებს ჯერ მასზე ატარებს, პირველი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა. ქართველ მეცნიერს საერთაშორისო აღიარება უკვე აქვს, ცოტა ხნის წინ, ამ გამოგონებით სინთეზური ბიოლოგიის პრესტიჟულ კონკურსში საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

სანამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავლენ, ინოვაციური იდეით ჯერ თანამოქალაქეებს ეხმარებიან - 7 თვის წინ, პირველი ქართული დასაქმების აპლიკაცია შექმნეს. შედეგმაც არ დააყოვნა, უკვე 1000-ზე მეტ სამსახურის მაძიებელს აპოვნინეს დამსაქმებელი. ახალგაზრდული იდეის გარშემო 400-მდე ბიზნეს კომპანია გაერთიანდა და ახლა ცდილობენ 24 000 რეგისტრირებულ ადამიანს სამსახური აპოვნინონ. awork -ის გუნდს სურს, რომ ეს ინოვაციური იდეა მალე საქართველოს საზღვრებს გასცდეს.

აპლიკაციით სარგებლობა მარტივია - მთავარია მომხმარებელმა პირადი რეზიუმე განათავსოს, მიუთითოს ლოკაცია თუ სად სურს დასაქმება და ყველაფერი მზად არის.

მოწყობილობა სათბურისთვის, რომელიც ვერტიკალურადაც იშლება და ჰორიზონტალურადაც. ფერმერს გაორმაგებული მოსავლის აღებაში უნდა დაეხმაროს, გარემო კი დაბინძურებისგან დაიცვას. იდეაზე ფიქრი თორნიკე მჟავანაძემ წლების წინ დაიწყო. გამოგონება უკვე დააპატენტა. სურს, რომ ადამიანები ამ მოწყობილობით ყველა კონტინენტიდან დაინტერესდნენ.

ახალგაზრდა ინოვატორებს Stori AI-დან წინ დიდი გეგმები და წარმატების მოლოდინი აქვთ. კიდევ ერთი წარმატებული სტარტაპის იდეა ორ ახალგაზრდას გაუჩნდა. აქ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი მართავს-ვებ-აპლიკაცია, რომელიც ბიზნესის მფლობელებს, მარკეტოლოგებსქოფირაითერებსსტუდენტებსა და მასწავლებლებს საშუალებას აძლევს წამებში შექმნან უნაკლო და კრეატიული ციფრული მასალა , როგორც ტექსტი ასევე შესაბამისი ვიზუალი. ამბობენ, რომ მსგავსი რამ ბაზარზე მალე პირველად გამოჩნდება.

ყველა ისტორია თითქოს ერთმანეთს ჰგავს - ყველა მათგანმა იდეით და იმის იმედით დაიწყო, რომ წარმატებას ადრე თუ გვიან მიაღწევდა. ცდილობენ, რომ ადამიანების წინაშე გაჩენილი პრობლემები მარტივად გადაჭრან. წინ კი თავდაუზოგავი შრომა და წარმატების გზებია.

დღის ამბები