საქართველო უერთდება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის სამხედრო არსენალში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები იქნება.
fly eye - ანუ მფრინავი თვალი - ეს უპილოტო საფრენი სისტემა მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. დრონს მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში შეუძლია მუშაობა. საფრენი აპარატის წონა სულ რაღაც 12 კილოგრამია. სადაზვერვო დრონის დავალებაზე გაშვებამდე, აწყობას დაახლოებით 7 წუთი სჭირდება. სისტემა ფარული დაკვირვების და მონაცემების ანალიზის შესაძლებლობას რეალურ დროში იძლევა. სადაზვერვო დრონის მთავარი ნაწილი კამერაა.
უპილოტო საჰაერო სისტემას დისტანციურად 2 ადამიანი მართავს. დრონს მიწის ზედაპირიდან 1 კილომეტრზე აფრენა და უწყვეტად, დაახლოებით 2 საათი მოქმედება შეუძლია. უპილოტო საფრენი აპარატის მიწაზე დაშვებისას, ზედმეტი დაზიანების შემსუბუქების მიზნით, იხსნება პარაშუტი.
დრონ warmate-ის ფუნქცია სამიზნის განადგურებაა. ე.წ. კამიკაძე დრონს აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. "ვორმეითი" თავდასხმამდე რამდენიმე წამით ადრე ძრავს თიშავს. აღარ ისმის ხმა, რაც მტრის ყურადღებას არ იქცევს. აფეთქებამდე ავითარებს მაქსიმალურ სიჩქარეს - 150 კილომეტრ საათს, ეჯახება სამიზნეს და ფეთქდება. ეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უპილოტო საფრენ აპარატად ითვლება.