თბილისში მდებარე პეტრე-პავლეს სასაფლაო, ნათლისღებას, სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილად იქცა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილა ოჯახის მეგობარი, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიაყენა მეუღლესაც. დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
19 იანვარს, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ მომხდარის შესახებ ადმინისტრაციას არაფერი გაუგია. თანამშრომლებმა შემზარავი დანაშაულის შესახებ რუსთავი 2-სგან შეიტყვეს.
მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაოს ზედამხედველებს არაფერი გაუგიათ, დანაშაულის ადგილს საგამოძიებო მოქმედებების კვალი ახლაც ეტყობა. გავარკვიეთ, რომ ქმარმა იმ დღეს მეუღლე და საერთო ნაცნობი, 40 წლამდე მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაისვა და სასაფლაოს ტერიტორიაზე აიყვანა. ავტომობილში კონფლიქტი გამწვავდა. რამდენიმე წუთში კი პირველი გასროლის ხმაც გაისმა. ქმარმა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღით ავტომობილის უკანა სავარძელში მჯდარ მამაკაცს გულ მკერდის არეში ორი ტყვია ესროლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარით გაოგნებული ქალი მანქანიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა ქმარი მას სასაფლაოს მიმდებარედ საავტომობილო გზაზე დაეწია, ხელი ასფალტზე დაადებინა და გაისროლა.
ქალი სიკვდილს გამვლელმა ტაქსის მძღოლმა გადაარჩინა, რომელსაც მგზავრი გადაჰყავდა. სწორედ მათ გადაიყვანეს დაჭრილი და პანიკაში მყოფი ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში. დანაშაულის ეს ეპიზოდი მანქანაზე დამონტაჟებულმა ვიდეო-რეგისტრატორმაც დააფიქსირა. ჩანაწერი ახლა საქმის მთავარი მტკიცებულებაა, ისევე როგორც ტაქსის მძღოლის ჩვენება.
მას შემდეგ რაც ადგილზე ტაქსი გამოჩნდა, თავდამსხმელმა ტერიტორია ფეხით, სასაფლაოების გავლით დატოვა და მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააკავეს. მანქანაში ცხედარი სასაფლაოს ტერიტორიაზე პოლიციამ მას შემდეგ იპოვა, რაც ტაქსის მძღოლმა 112-ში დარეკა.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მოკლული ბრალდებულის მეუღლეს ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, რისი ამსახველი მიმოწერაც საქმის მასალებში დევს. სულხან კომახიძე გვიყვება, რომ 38 წლის მამაკაცმა იარაღიდან აფექტის მდგომარეობაში გაისროლა და ეს იყო რეაგირება მეორე მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე.
ის, რომ სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი ეჭვიანობაა, ამას საქმის პროკურორიც გვიდასტურებს. ბრალდების მხარე რუსთავი2-თან განმარტავს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები პეტრე პავლეს სასაფლაოზე. პროკურორი გვიდასტურებს იმასაც, რომ საქმეში სხვა მტკიცებულებებთან ერთად არსებობს დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერიც. საუბარია ცეცხლსასროლი იარაღით ქალის დაჭრის ფაქტზე.
ბრალდებულის ახლობლებს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ და მხოლოდ იმას გვიდასტურებენ, რომ 38 წლის მამაკაცი, თბილისში, სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობისთვისაა დაკავებული.
ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.