26 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
18 დღეში, ბაკურიანი სნოუბორდის და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ბაკურიანში დიდველის სასრიალო ტრასაზე დათოვლილი ხე, უხვ ნალექზე და თოვლიან ზამთარზე არ მიგვანიშნებს, ხელოვნურად გათოვლიანებული ხე აქ მხოლოდ აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოებზე მეტყველებს. ბუნებამ წელს მოყვარულ თუ პროფესიონალ სპორტსმენებს უღალატა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი მალე, 16 თებერვალს მაინც დაიწყება. ტრასები აღჭურვილია სპეციალური ტექნიკით, რომელიც ხელოვნურ გათოვლიანებას უზრუნველყოფს. რესურსები დათვლილი და საკმარისია იმისთვის, რომ კურორტმა 42 ქვეყნიდან 700ამდე სპორტსმენს უმასპინძლოს.

კოხტასა და დიდველის ფერდებზე მოთხილამურეები და სნოუბორდისტები ფრისთაილის 7 დისციპლინაში საასპარეზოდ ჩამოვლენ. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად 14 კანდიდატ ქვეყანას შორის ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე, 2018 წელს დასახელდა და მთავარი სპორტული მოვლენისთვის მზადებაც დაიწყო. სამ კვირაზე ნაკლები რჩება და მწყობრშია ყველა ძველი, სამი კი ახალი საბაგირო კომპლექსი, მათ შორისა რეგიონში ერთადერთი და ინოვაციური საბაგირო მიწისქვეშა ფარეხით, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა და 29 კილომეტრიანი გათოვლიანების სისტემა, რომელიც ტბებიდან მარაგდება. ორი ტბა ერთად - ეს არის 300-მლ წყლის მარაგი და გარანტი, რომ სისტემას უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებით.

წყლის რეზერვუარები ზიარი ჭურჭლის პრინციპით მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდველისა და მიტარბის ტბები ერთმანეთთან დაკავშირებულია მილებით, შესაბამისად, რომელ ტბაზეც მეტად არის საჭირო წყალი - იქ მიეწოდება. ისტორიულ კოხტაზე ღამით ავედით, აქ ტექნიკა გვიანაც მუშაობს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მთაზე არიან სპეციალისტები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს.

ბაკურიანს დღეს აქვს რესურსი, რომელიც უთოვლო სეზონზე არ დაგვაფრთხობს, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ასევე არის შესაძლებლობა სპორტსმენებისთვის, რომ ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრებებში მონაწილეობა საკუთარ ქვეყანაშივე მიიღონ. წელს 5 ქართველი იასპარეზებს, თუმცა ისინი ამ ეტაპზე საზღვარგარეთ არიან და ქულების დასაგროვებლად სხვადასხვა ტურნირში იღებენ მონაწილეობას. 

დღის ამბები