26 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
გიორგი მუმლაძის წარმომადგენლის განცხადებით, თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, არჩევნების დროში გახანგრძლივებას მოითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლის, ალექსანდრე მილორავას განცხადებით, თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, ისინი არჩევნების დროში გახანგრძლივებას მოითხოვენ.

"კომისიის შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს ხმის მიცემა. 10 % დღეს არის გაურკვეველი მიცემს თუ არა ხმას. თუ ეს ასე იქნება შემდეგში, მაშინ ეს არჩევნები შემდგარად ვერ გამოცხადდება. ამის გათვალისწინებით, ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ არჩევნები დროში გახანგრძლივდეს და ყველა რეგისტრირებულ პირს მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა," - განაცხადა მილორავამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს. პარტიაში პირველობისთვის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. 50 ათასამდე რეგისტრირებული მხარდამჭერიდან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ამომრჩევლის 70 პროცენტზე მეტმა. ხმის მიცემა ფარულია და ხვალ, დილის 10:00 საათზე შეწყდება.

გუშინდელის მსგავსად, არჩევნების პროცესში ხარვეზებზე დღესაც საუბრობენ. 4 ათასამდე მხარდამჭერს ვერიფიკაციის კოდი არ მიუვიდა, თუმცა პარტია განმარტავს, რომ პრობლემა ხმის მოცემის დასრულებამდე მოგვარდება. კიდევ ერთი შეფერხება დაფიქსირდა ხმის მოცემის პროცესში, კომისიის წევრი ამბობს, რომ ერთი აიპი მისამართიდან ბევრი ანგარიში ცდილობდა ხმის მიცემას, რამაც პროცესი შეაფერხა.

დღის ამბები