26 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში" - ოთხი კანდიდატი და ერთი ვაკანტური ადგილი, როდის გახდება ცნობილი საბოლოო შედეგი

"ნაციონალური მოძრაობაში" დილიდან პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა 10 საათის ნაცვლად, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა 40 წუთით გვიან დაიწყეს. საარჩევნო პროცესში პირველი ხარვეზიც ეს იყო. სპეციალურ ბრიფინგზე, მოგვიანებით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაგვიანების მიზეზად იმ სისტემის გადამოწმება დაასახელა, რომელშიც ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება 4 კანდიდატს შორის უწევს.

სისტემაში ხარვეზები თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მუმლაძის მხარდამჭერებმა დაინახეს. მათი თქმით, კოდი, რომელიც ამომრჩეველს ხმის მისაცემად სჭირდება, გვიან ან საერთოდ არ იგზავნება, რაც საარჩევნო პროცესში დამატებით პრობლემას ქმნის. კომისიაში ამბობენ, რომ ხარვეზი ტექნიკურია და მას გამოსწორებაზე აქტიურად მუშაობენ.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც მუმლაძის გუნდს აწუხებს, იდენტიფიკაციის საკითხია. თავმჯდომარეობის კანდიდატი და მისი წარმომადგენლები, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ფილტრაციის ველი მმართველ მენეჯმენტს მანიპულაციის შესაძლებლობას აძლევდა. ბრალდებას მაშინაც და ახლაც უარყოფენ მელიას თანამოაზრეები. მმართველ რგოლში ამბობენ, რომ იდენტიფიკაცია 118-მა რეგისტირებულმა პირმა ვერ გაიარა. ისინი საარჩევნო პროცესს გამოეთიშნენ. ამ 118 ადამიანთა შორის იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, თუმცა, კონკრეტულად ვინ, "ნაციონალურ მოძრაობას" არ უთქვამს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის პოსტისთვის 4 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი და აქტივისტი გიორგი მუმლაძე. კანდიდატებიდან მედიასთან დღეს მხოლოდ ხაბეიშვილი გამოჩნდა, რომელიც ოფისში დღის მეორე ნახევარში მივიდა და სპეციალური ბრიფინგიც ჩაატარა. ის გამარჯვებაში დარწმუნებულია და მელიას ფლანგისგან განსხვავებით, მეორე ტურსაც გამორიცხავს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს მიმდინარე არჩევნები და ზოგადად ის პროცესები, რაც ბოლო 2 თვეა ვითარდება "ქართული ოცნებისთვის" ამ ოპოზიციური პარტიის დაშლის წინაპირობაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თვითლუსტრაცია მოახდინა და გამოააშკარავა, რომ პარტიის წევრთა მთავარი ამოცანა მხოლოდ თანამდებობებია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები ორ დღეს გაგრძელდება, 30 იანვარს კი მხარდამჭერებს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ეცოდინებათ.

 

დღის ამბები