26 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ აქ შემოპარვა იყო არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი - "ქართული ოცნება" სააკაშვილის ინტერვიუზე

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, მათთვის ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის უკან რუსული ინტერესი იდგა, მიზანი კი არეულობის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო.

რატი იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც ის ამბობს, რომ "არ არის გამორიცხული, ზოგიერთი, მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო".

"ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ სააკაშვილის საქართველოში ქურდული შემოპარვის უკან გარე ძალები იდგნენ, ერთი მიზეზით და მიზნით, რომ მათ რამენაირად, ქაოსის და არეულობის საფუძველზე, დანაშაულებრივად ჩაეგდოთ ხელისუფლება ხელში. ახლა, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მისი აქ შემოპარვა იყო არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი," – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილის თქმით, ინტერვიუში სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე გაკეთებული კომენტარი ამორალობაა.

"ცალკე ამორალურობას უსვამს ხაზს, რასაც ის დღეს საუბრობს გირგვლიანის საქმეზე და მერაბიშვილზე. ის იმას კი არ ნანობს, რომ ახალგაზრდა კაცი აწამეს, მოკლეს და შემდეგ მკვლელებს დააფარეს ხელი, არამედ 18 წლის მერე ნანობს, რომ გირგვლიანის საქმე არ გამოიყენა მერაბიშვილის წინააღმდეგ," – განაცხადა იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაში რომ რუსეთის ხელი ერია, დედამისი ღიად ამბობს ჩანაწერში.

"სასაცილო რამეებს ამბობს და ამავდროულად ყველას, ვინც კონკურენციას უწევს პარტიაში და ციხიდან მის ბრძანებებს არ ითვალისწინებს და თავის თამაშს თამაშობს, ყველას ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც. ამაში რომ რუსეთის ხელი ერია, დედამისი ღიად ამბობს იმ ჩანაწერში, რომ რუსეთთან არის შესათანხმებელი. თუ ერთმანეთს ლანძღავენ, ჩავთვალოთ, რომ მართლები არიან," - აცხადებს დავითულიანი.

ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სააკაშვილიც და მერაბიშვილის ემსახურებოდნენ რუსული ინტერესების გატარებას და ეს ახლა უკვე თვითონაც აღიარეს. 

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვამბობდით მანამდეც და ახლაც, რომ სააკაშვილი თავისი ნებით არ ჩამოსულა, მას დაუგეგმეს, ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა. რისთვის? ხომ გაცხადდა, რომ აქ მოეხდინა ქაოსი, არეულობა, შემდეგ პარლამენტის პიკეტირება. არ ვიცი, რა მოსალოდნელი შედეგების იმედად იყვნენ, მაგრამ ამოცანა იყო რევოლუცია მოეხდინათ, ამ გზით მოსულიყო "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში, მეორე ფრონტი გახსნილიყო. ამოცანა იყო, ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, რამენაირად არჩევნებამდე. არ გამოუვიდათ და ახლა ხდება ლუსტრაცია ერთმანეთის.

ჩემთვის ეს პარტია პირველი დღიდანვე იყო რუსული ინტერესების გამტარებელი, დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული ხერხემალს რომ ეძახდნენ, იგივე მერაბიშვილი და დანარჩენები. ყველანი ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს. ახლა უკვე თავიანთი პირითაც აღიარეს," - განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები