26 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"არცერთ, მით უმეტეს შიდაპარტიულ არჩევნებში არ უნდა იკადროს მხარემ ასეთი განცხადებები; მერაბიშვილს, ლორთქიფანიძეს დაბრალდა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა" - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი გუშინ გიორგი ლორთქიფანიძის და ვანო მერაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ნიკა მელიას შტაბის წევრებს შერცხვებათ იმ განცხადებების, რასაც ისინი სოციალურ ქსელში აკეთებდნენ.

"სოციალურ ქსელში თუ გადახედავთ, ეს იყო სამარცხვინო განცხადებები, რომლისაც დღევანდელი დღის შემდეგ ძალიან ბევრს შერცხვება. გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო დამსახურებით, წინა ბრძოლებით, რომლებიც გაქვს გავლილი და არა იმით, რომ ვინმეს რამე დააბრალო.

პირდაპირ გვარს და სახელებს წერდნენ და ეს არის ამ შემთხვევაში არა ვანო მერაბიშვილის შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" შეურაცხყოფა. 

ვანო მერაბიშვილის განცხადება, ვფიქრობ, რომ იყო მნიშვნელოვანი და მას უნდა გაეკეთებინა ეს. მან სწორედ ის აღნიშნა, რომ სკამისთვის და თანამდებობისთვის ბრძოლისთვის ადამიანებმა ყველაფერი არ უნდა იკადრონ," - თქვა ბოტკოველმა.

"ნაციონალური მოძრაობის" იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ არცერთი ტიპის არჩევნებში არ უნდა იკადროს მხარემ ისეთი განცხადებები, როგორიც გუშინ ლორთქიფანიძის და მერაბიშვილის მისამართით კეთდებოდა.

"მართლაც, არცერთი არჩევნების ფარგლებში, მით უმეტეს შიდაპარტიულ არჩევნებში არ უნდა იკადროს მხარემ ისეთი განცხადებები, რომელიც გაკეთდა გუშინ და კონკრეტულ გვარებს, მერაბიშვილს, ლორთქიფანიძეს დაბრალდა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და ამ კონოტაციით ნიკა მელიას შტაბის წევრებს და მხარდამჭერებსაც ჰქონდათ Facebook კამპანია მთელი საღამოს განმავლობაში," - აცხადებს ბეჟაშვილი.

დღის ამბები