26 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
2 საათისთვის ამომრჩეველთა 1/3-მა უკვე განახორციელა ხმის მიცემა, ეს მეტყველებს, რომ პარტიის აქტივს სურს ცვლილებები - ლევან ბეჟაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ თავმჯდომარის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია. მისი თქმით, ხმის მიცემის დროს მცირედი ხარვეზები შეიქმნა, თუმცა ესეც გამოსწორდება. 

"ტექნიკური ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის, რომ ადამიანები რეკავენ, ვერ შედიან სისტემაში, ზოგს სმს არ მისდის, მაგრამ ალბათ ეს ხარვეზებიც გადაიჭრება. მთავარია ერთი რამ, რომ აქტიურობა არის ძალიან დიდი და ეს არის მნიშვნელოვანი და მოსალოდნელიც იყო. ეს არის მნიშვნელოვანი სწორედ "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც დარეგისტრირდა, აინტერესებს, თუ როგორი იქნება ხვალ "ნაციონალური მოძრაობა", - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.  

ამომრჩეველთა მაღალ აქტიურობაზე საუბრობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი, ლევან ბეჟაშვილი. 

"დაახლოებით 2 საათისთვის, ამომრჩეველთა 1/3-მა უკვე განახორციელა ხმის მიცემა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის აქტივს სურს პარტიაში ცვლილებები. ჩვენ წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, სავარაუდოდ, პირველივე ტურში მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. ჩვენი ანალიტიკური მასალების საფუძველზე, დარწმუნებული ვართ, რომ ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროგნოზი, საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნები გრძელდება. ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარეობა ოთხ კანდიდატს სურს, არჩევნები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით ტარდება. ხმის მიცემა ორი დღე გაგრძელდება. დღე ხარვეზებით დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. 

 

დღის ამბები