26 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
"გირჩი" სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ითხოვს - ამასთან, მათ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება სამხედრო სამსახურის არიდების გარანტი მალე ვეღარ იქნება

"გირჩი" მოქალაქეებს ამჯერად ახალი გზავნილით მიმართავს და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას მოითხოვს.

რატომ არ უნდა წავიდეს მოქალაქე ჯარში სავალდებულო წესით? - ამ შეკითხვაზე იაგო ხვიჩიას საკუთარი არგუმენტები აქვს.
 
"გირჩის" ინიციატივას არ იზიარებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი. რეგიონული საფრთხეებიდან გამომდინარე სავალდებულო სამსახურის გაუქმება მიუღებელია ალეკო ელისაშვილისთვის. 
 
"გირჩის" რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გარანტი სულ მალე ვეღარ იქნება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. გირჩის ბიბლიური თავისუფლების ე.წ. ეპისკოპოსები და სასულიერო პირები კი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან აღარ გათავისუფლდებიან.
 
კანონმდებლები თავდაცვის ახალი კოდექსზე საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობა უფრო აუცილებელია. დეპუტატები ამბობენ, რომ კანონპროექტი თავდაცვის და სამხედროების საჭიროებებზეა მორგებული და მხარსაც დაუჭერენ. 
 
2025 წლის 1 იანვრიდან 23 წლამდე სტუდენტები სწავლის პარალელურად სავალდებულო სამსახურსაც გაივლიან. ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე, ახალგაზრდები, სურვილის შემთხვევაში, სამხედრო ბაზებზე მოემზადებიან. რეგიონული სამინისტროს ნაცვლად, სამხედრო სამსახურში გაწვევას თავდაცვის უწყება განახორციელებს. ამისთვის რეგიონებში თავდაცვის ცენტრები აშენება. პროექტისთვის 80 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. შედეგად, ქვეყანას 100 000-ზე მეტი რეზერვისტი ეყოლება.
დღის ამბები