26 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ქართულმა ოპოზიციამ შეტევის ახალი ობიექტი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იპოვა - ევროსაბჭოს ასამბლეის მეორედ არჩეულ პრეზიდენტი ტინი კოქსი, მათთვის რუსული ინტერესების გამტარებელია

ქართულმა ოპოზიციამ შეტევის ახალი ობიექტი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იპოვა. რუსული ინტერესების გამტარებელი, ხელისუფლების ოპონენტებმა ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეორედ არჩეულ ტინი კოქსს უწოდეს.

ტინი კოქსის გამარჯვება ყველას არ გახარებია, მათ შორის საქართველოში. ოპოზიციის ნაწილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოსკოვთან კავშირებზე საუბრობს. როგორც "სტრატეგია აღმაშენებელში" განმარტავენ, შეფასებისას საგამოძიებო სტატიებზე დაყრდნობით მსჯელობენ და კოქსს პირდაპირ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ფიგურად მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი დეპუტატი სტრასბურგში ხმათა უმრავლესობით, 175 ხმით აირჩიეს.
 
"სტრატეგია აღმაშენებელი" არაა ერთადერთი პარტია, რომელიც კოქსის რეპუტაციაზე კითხვებს სვამს. "ნაციონალური მოძრაობაც" ამ აზრზეა. ასე იყო 2020 წელსაც, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში არჩევნების შესაფასებლად კოქსის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა. მაშინ პარტიამ არჩევნებზე შეფასება დაიწუნა, კოქსს კი ბრალდებები წაუყენა. ადრესატის ნაცვლად ბრალდებებს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, რიკ დაემსმა უპასუხა და აღნიშნა, რომ შეფასება არა კოქსის, არამედ ორგანიზაციის პოზიცია იყო, თავდასხმა კი დაუსაბუთებლად მიიჩნია. "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრი არ შეუცვლიათ.
 
ტინი კოქსის რეპუტაციასთან კითხვები არ აქვს მმართველ გუნდს. პარტიის თავმჯდომარემ სტრასბურგში ვიზიტის დროს მის კანდიდატურას პირადად დაუჭირა მხარი, ისევე როგორც დელეგაციაში მყოფი ოპოზიციის ერთმა ნაწილმა.უკვე თბილისში დაბრუნებულმა ირაკლი კობახიძემ ქართული დელეგაციის გადაწყვეტილების გასამყარებლად, შემდეგი არგუმენტი მოიყვანა.
 
კოქსის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეებისგან განსხვავებით სხვა აზრი აქვთ პარტიაში "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის", ვისთვისაც ამ მოცემულობაში საუკეთესო გამოსავალი ქართული დელეგაციის მხრიდან კენჭისყრისგან თავის შეკავება იქნებოდა.
 
"ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებისას არსებული პრაქტიკით იხელმძღვანელეს, რომლის მიხედვითაც მოქმედ პრეზიდენტებს მეორე ვადით ირჩევენ. ამასთან განმარტავენ, თუ რატომ ვერ დაუჭერდნენ მხარს უკრაინელ კანდიდატს, რომელიც წინა რეზოლუციაში თბილისისთვის მიუღებელი ცვლილებების ავტორი იყო. ხელისუფლება ოპონენტებს რუსეთთან კავშირში მყოფი სხვა პრეზიდენტის მაგალითს ახსენებს.
 
ტინი კოქსის რუსეთთან კავშირებზე სტატიები მედიაში ერთ-ერთი რუსი ჯაშუშის ბრალდების საფუძველზე დაიწერა, რაც პრეზიდენტმა კოქსმა მალევე უარყო და აღნიშნა,რომ ეს ევროსაბჭოს დაზიანების და უკრაინის ომიდან ყურადღების გადატანის მცდელობა იყო. ამასთან, ტინი კოქსი ერთ-ერთია, ვინც რუსეთის ევროსაბჭოდან ხელმეორედ გარიცხვას დაუჭირა მხარი. უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლის აგრესიის შემდეგ კი კრემლს ღიად აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი გზავნილებით გამოირჩევა.
დღის ამბები