უკრაინის ომის გამო რუსეთიდან სულ უფრო მეტი ოლიგარქი გარბის, კიდევ უფრო მეტს კი საერთაშორისო სანქციები შეეხო. რუსი მილიარდელები ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ. თუმცა ამერიკულმა მედიამ რუსი ოლიგარქების დამალულ ქონებას ევროკავშირის ქვეყანაში მაინც მიაგნო. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ათობით რუსი მილიარდელი ასეულობით მილიონ დოლარს კუნძულ კვიპროსზე ინახავს და ფეშენებელურ უძრავ ქონებასაც ფლობს. მათ შორის არიან რუსული იარაღის მწარმოებელი იგორ კესაევი და ალუმინის მაგნატი ოლეგ დერიბასკა.
როგორც აღმოჩნდა, ქონებასთან ერთად ოლიგარქებმა კვიპროსის მოქალაქეობაც იყიდეს, ახლა კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტით საეჭვო გზით ნაშოვნი მილიარდობით დოლარის გათეთრებას ცდილობენ. მეგა იახტები და მდიდრული სასახლეები - პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ამ დრომდე კი კვიპროსის ხელისუფლებას სანქცირებული ოლიგარქებისთვის მხოლოდ თანხის მცირე ნაწილი აქვს გაყინული. ეს იმ დროს, როდესაც ჟურნალისტური გამოძიებით აღმოჩენილია, რომ კვიპროსში რუსებმა მხოლოდ გასულ წელს 6 მილიარდი დოლარის კაპიტალი შეიტანეს.
როგორ და სად მალავენ ფულს რუსი ოლიგარქები? - კითხვამ საერთაშორისო ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი კვიპროსამდე მიიყვანა. დასავლური მედია წერს, რომ ევროკავშირის ქვეყანა, რომელიც წარსულში მითიური ღმერთების ბრძოლის ადგილად ითვლებოდა, ახლა რუსი ოლიგარქების სათამაშო მოედნად იქცა. ქვიშიანი პლაჟებით და მდიდარი ისტორიით ცნობილ კუნძულზე რუსი მილიარდერების დამალულ ქონებას მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ მდიდარი რუსები კვიპროსში კაპიტალს უკვე ათეულობით წელია აგროვებენ. მოსკოვიდან ლიმასოლში ჩასაფრენად კი მათ სულ რაღაც სამი საათი სჭირდებათ.
გაუმჭვირვალე საბანკო სისტემა და კორუფციული გარიგებები გახდა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც კვიპროსი რუსი მილიარდერების თავშესაფრად იქცა. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 1 მილიონს არ აღემატება, საბანკო დეპოზიტების 30% რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა.
რუსული სიმდიდრის მოსაზიდად კვიპროსში 2013 წლიდან ამოქმედდა პროგრამა სახელწოდებით "მოქალაქეობა ინვესტიციით", რამაც ოლიგარქებს ხელ-ფეხი გაუხსნა მთელი ევროკავშირის მასშტაბით. ამ პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ უცხოელს, რომელიც ქვეყანაში 2 მილიონ ევროზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა, ავტომატურად ეძლეოდა კვიპროსის ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტი.
ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია სულ მცირე 10 ოლიგარქი, რომელთაც კვიპროსში "ოქროს პასპორტები" მიიღეს. მათ შორის არიან რუსული იარაღის მწარმოებელი ქარხნის აქციონერი იგორ კესაევი, რუსეთის უმსხვილესი აეროპორტის გამგეობის თავმჯდომარე, მილიარდერი ალექსანდრე პონომარენკო და ალუმინის მაგნატი ოლეგ დერიპასკა. ყოველი მათგანი ამერიკის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია შეყვანილი. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქები კვიპროსს ხშირად იყენებენ მესამე ქვეყნებში შავი ფულის გათეთრებისა და საეჭვო ინვესტიციებისთვის კანონიერი სახის მისაცემად. პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ოლეგ დერიპასკაც ერთ-ერთია, ვინც კვიპროსში დაფუძნებული კომპანია შეერთებულ შტატებში ფულის დაბანდებისთვის გამოიყენა, თუმცა რუსი მილიარდერის მცდელობა ვაშინგტონმა აღკვეთა.
კვიპროსის მთავრობა სანქციების აღსრულებას არ ჩქარობს, მათ შორის არც ოლეგ დერიპასკას მიმართ. ჟურნალისტურმა გამოძიებამ კი ევროკავშირის ამ ქვეყანაში აღმოაჩინა დერიპასკასთან დაკავშირებული არაერთი ქონება, მათ შორის ვილა ზღვისპირა კომპლექსში, ძვირადღირებული ოფისები და ათზე მეტი კომპანია. კვიპროსის მთავრობა ირწმუნება, რომ სანქცირებული ოლიგარქების პასპორტები გაუქმების პროცესშია და უკვე გაყინა 105 მილიონი ევროს რუსული დეპოზიტები. ეს რიცხვი მხოლოდ მცირე ნაწილია კვიპროსში გასულ წელს განხორციელებული 5 მილიარდ ევროზე მეტი რუსული დეპოზიტებიდან.
მდიდრული აპარტამენტები, მეგაიახტები და ძვირად ღირებული მაღაზიები - კვიპროსში რუსეთის მოქალაქეები მდიდრულად ცხოვრებას განაგრძობენ. კვიპროსის მთავრობას კი ჯერაც არ აქვს პასუხი კითხვაზე - კრემლთან დაახლოებული, რომელი ოლიგარქის კაპიტალი გაყინა ან აპირებს თუ არა რუსული ფულის სრულად შეზღუდვას ევროკავშირის წევრი ქვეყანა.