26 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
კამიკაძე და სადაზვერვო დრონების წარმოება აპრილიდან დაიწყება 

ომის მეგობარი და მფრინავი თვალი - უპილოტო საფრენი აპარატების პირველი მოდელები უკვე მზადაა და სატესტო ფრენებსაც ახორციელებენ. "მფრინავი თვალი" სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში რეალურ დროში ფარული დაკვირვებისა და მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს, მათ შორის დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

რაც შეეხება "ომის მეგობარს", ეს სხვადასხვა ტიპის ქობინების მატარებელი კამიკაძე დრონია, რომელიც სამიზნის განადგურების მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. ომის მეგობარს NATO-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების არმიები, ასევე სპეციალური ოპერაციის ძალები წლებია იყენებენ. საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატების პირველ სატესტო ფრენებს კი დღეს მთავრობის მეთაური თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს "დელტა-ვებესა" და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნასაც ითვალისწინებს.

სადაზვერვო ტიპის უპილოტო აპარატი FLYEYE და საბრძოლო, კამიკაძე დრონი WARMATE.

FLYEYE მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. ის ფარული დაკვირვების შესაძლებლობებს და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს რეალურ დროში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს. სადემონსტრაციო ფრენას "კრწანისის" სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ეს საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატი WARMATE-ია. სხვადასხვა ტიპის ქობინების გამოყენებით აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. WARMATE პოლონეთის არმიაში, ასევე NATO-ს წევრი სხვა და არაწევრი ქვეყნების შეიარაღებაშია.

საცდელი ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს.

"დელტა-ვებესა" და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.

უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენის შემდეგ ქვეყნის პრემიერმა, ასევე თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა "კრწანისის" ახალ სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილეს.

დღის ამბები