26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე რეგიონების საკრებულოებში გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას აპროტესტებს - რა პასუხობს მუმლაძის ბრალდებებს მელიას ფრთა

ბრალის დამძიმება ნიკა მელიასთვის, ბრალმდებლის როლში კი კვლავ გიორგი მუმლაძეა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა სურს. ამჯერად უპარტიო მუმლაძემ მელია ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა. სამოქალაქო სექტორიდან მოსულ კანდიდატს არ მოსწონს, რომ რეგიონების საკრებულოებში "ნაციონალური მოძრაობა" და გახარიას "საქართველოთვის" თანამშრომლობენ.

საუბარია მუნიციპალური არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ საკრებულოებზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" ერთობლივად თანამშრომლობენ. მუმლაძე ამტკიცებს, რომ ამ თანამშრომლობამ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას მხარდამჭერები დაუკარგა.

მუმლაძის მორიგ ბრალდებას მალევე უპასუხა მელიას ფრთამ. პოპულისტური განცხადება, სადღეგრძელო, ლოზუნგი - ასეთია ნიკა მელიას მხარდამჭერების მოკლე რეზიუმე გიორგი მუმლაძის განცხადებებზე.

უპასუხოდ მუმლაძის ბრალდება არც გახარიას პარტიას დაუტოვებია, ისინი პოლიტიკური ჯგუფების კოალიციას კატეგორიულად უარყოფენ და თანამშრომლობას მუნიციპალიტეტების ინტერესებით ხსნიან.

გახარია-მელიას ფიცის არ სწამთ "ოცნებაში". მმართველი გუნდი ამბობს, რომ მუმლაძის ბრალდებამ მათი ეჭვები, რომ ყოფილი პრემიერისა და სააკაშილის პარტია თანამშრომლობენ, კიდევ უფრო გაამყარა. 

იმას, რასაც გიორგი მუმლაძე ანტისახელმწიფოებრივად და კოალიციად აღიქვამს, ოპოზიციურ საკრებულოებში მოსახლეობის საჭიროებისთვის გაერთიანებას უწოდებენ. რუსთავში, სადაც საკრებულოს უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობისა" და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები შეადგენენ, ამტკიცებენ, რომ მათი ერთიანობა მხოლოდ მუნიციპალურ საქმიანობას ეხება და არა პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესს.

"ნაციონალური მოძრაობისა" და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლების გულწრფელობის არ სჯერა "ქართულ ოცნებას". რუსთავის საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ ოპონენტების მხრიდან ქალაქის საჭიროებებზე აპელირება მხოლოდ არგუმენტია, ისიც სუსტი, რადგან მათი მტკიცებით, ოპოზიცია ქალაქისთვის არაფერს აკეთებს.

რატომ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი გახარიას პარტიამ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ საკრებულოებში გაერთიანების გადაწყვეტილება - დღეს დამატებითი განმარტებების გაკეთება საკითხზე პარტიის წევრებს მოუწიათ.

გიორგი მუმლაძის ახალმა ბრალდებებმა, საპარლამენტო უმრავლესობას დაუდასტურა ის ეჭვები, რაზეც აქამდე ხშირად საუბრობდნენ. დეპუტატები არც იმას გამორიცხავენ, რომ გიორგი გახარია და ნიკა მელია ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ გაურიგდნენ, როდესაც გახარიამ "ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

დაპირისპირება და ბრალდებები ერთმანეთის მიმართ ”ნაციონალურ მოძრაობაში” თითქმის 2 თვეა გრძელდება, მას მერე, რაც პარტიამ თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ხვალ "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები იწყება, საბოლოო შედეგები ცნობილი ორშაბათს გახდება.

დღის ამბები