26 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
გაერომ ანგარიში "მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები" გამოაქვეყნა - საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზები გაზრდილია

გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში "მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები" - დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეგიონში 2023 წელს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდება. საქართველოსთან მიმართებით კი ანგარიშში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზები არის გაზრდილი.

კერძოდ, გაეროს შეფასებით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა ნაცვლად წინა ანგარიშში ნავარაუდევი 4.4%-ისა, 10.8%-ით იზრდება, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა კი 5.2 %-ის დონეზე დაფიქსირდება, მაშინ როცა წინა პროგნოზი 4% იყო.

რაც შეეხება ზოგადად მსოფლიოს - გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს გლობალურ ეკონომიკაზე იმოქმედა არა ერთმა შოკმა: COVID-19-ის პანდემიამ, უკრაინაში ომმა და მის შედეგად გამოწვეულმა კრიზისებმა, ასევე ინფლაციის ზრდამ, ვალის ტვირთის დამძიმებამ და საგანგებო მდგომარეობამ კლიმატის საკითხებში.

"საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის. ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ზემო აღნიშნული მათ შორის განპირობებულია იმ ახალი შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებით, რასაც საქართველოს მთავრობა იყენებს და ასევე იმ ნაბიჯებით და იმ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა, ტურიზმის სტიმულირება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება თუ სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების გადადგმული ნაბიჯები," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია მსოფლიოს გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა შესთავაზოს.

"საქართველოს შეუძლია გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა შესთავაზოს მსოფლიოს და აჩვენოს, რომ ჩვენს შეგვიძლია კარგად განვვითარდეთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით, დასაქმების კარგი მაჩვენებლის ჩამოყალიბებაში და უმუშევრობის შემცირებით," - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

დღის ამბები