26 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
უნდა შევქმნათ ჯარი, რათა ფრონტის ხაზზე გავიდეთ - ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერების 12 პუნქტიანი გეგმა წარადგინა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება დაიწყება გამარჯვებისთანავე.

"მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა. ჩვენ ამას დავიწყებთ გამარჯვებისთანავე და ეს იქნება უკვე 30 რიცხვიდან. „ნაციონალური მოძრაობიდან“ – „ნაციონალურ მოძრაობამდე“. პირველი ნაბიჯი, რასაც გადავდგამ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი. კონსულტაციების შედეგად, ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება პროცესში და გამოიყენებს როგორც საშინაო, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ყველა რესურსს, როგორც საგარეოს, ასევე ფინანსურსს.

ამასთან, პარტიაში რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდება და იქნება პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია. გენერალურ მდივანთან ჩამოყალიბდება სრულფასოვანი სტრუქტურა და მაქვს პატივი, ამ თანამდებობაზე კვლავ შემოგთავაზოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი პეტრე ცისკარიშვილი. უახლოეს დღეებში, როგორც კი გავიმარჯვებთ არჩევნებში, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, როგორ დავაკომპლექტებთ ამ სამდივნოს, რომელიც მთავარ ბრძოლაში შევა რუს ოლიგარქთან. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უკავშირდება თბილისის საქალაქო ორგანიზაციის განახლება-გაძლიერებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თბილისის პარტიული ორგანიზაცია. ამიტომ რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მათ აირჩევს საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციები. ჩვენ დავდებთ დედაქალაქის განვითარების ახლებურ გეგმას და არა ისეთს, როგორსაც გვთავაზობს კალაძე და მერია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც, ფაქტობრივად, ამ დროისთვის ქმედუუნაროა.

"ეს ორგანიზაცია უნდა გახდეს ცვლილებებისა და სიახლეების ეპიცენტრი. ახალი თაობის სამჭედლო უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ პოლიტიკური სკოლის გახსნასაც ვგეგმავთ. ასევე, ვაპირებთ რეგიონული ინფრასტრუქტურის გამართვას. რაიონული ორგანიზაციები აირჩევენ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს. ჩვენი პარტია უნდა იყოს იქ, სადაც უჭირს ქართველ ხალხს და ძალადობს რუსი ოლიგარქი," – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, საკრებულოებში "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი და ეს რესურსი სრულად უნდა იყოს ათვისებული.

"ვაპირებთ საკრებულოების წევრების ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესი და ეს ორგანიზაცია გახდეს მუდმივმოქმედი. ამ კონგრესში კარი ყველასთვის ღია იქნება. "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება სიახლე და ბიუჯეტის განკარგვა მოხდება პროექტულად. ენმ-ის ყრილობა, სადაც საჯარო პირობებში დაამტკიცებს ყველა საჭირო ცვლილებებს, რომელიც ჩვენს პარტიას გაუხსნის ახალ სუნთქვას. უნდა შევქმნათ ჯარი, რათა ფრონტის ხაზზე გავიდეთ.

"ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებამდე დარჩა სულ რაღაც ორი დღე და ვეუბნები ყველას, მათ შორის ოპონენტებს და მათ მხარდამჭერებს, არ ვაპირებთ, ვინმეს სადმე გაგდებას, არ ვაპირებთ, ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ. გამარჯვებისთანავე ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საქმე, ეს არის რუსი ოლიგარქის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ნიკა გვარამიას თავისუფლება და ჩვენი პოლიტპატიმრების თავისუფლება. შესაბამისად, ყველამ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ერთად მოგვიწევს ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და არავინ არცერთ თანამდებობას არ დატოვებს," – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები