26 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
"არაჩვეულებრივი გამოფენის", "შერეკილების", "ცისფერი მთებისა" და მაყურებლისთვის ცნობილი სხვა კინოსურათების რეჟისორი ელდარ შენგელაია 90 წლის გახდა

"არაჩვეულებრივი გამოფენის", "შერეკილების", "ცისფერი მთებისა" და მაყურებლისთვის ცნობილი სხვა კინოსურათების რეჟისორი 90 წლის გახდა. ელდარ შენგელაიას წარმატებული სარეჟისორო გზა 1964 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა შემოქმედმა მხატვრული ფილმი "თეთრი ქარავანი" გადაიღო.

კინოსურათმა შენგელაიას საყოველთაო აღიარება მოუტანა, რის შემდეგაც რეჟისორმა ქართულ და ევროპულ კინოს არაერთი ნამუშევარი აჩუქა. საბჭოთა მკაცრი ცენზურის პირობებში გადაიღო ელდარ შენგელაიამ "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიც". რეალობის გამორჩეული აღქმა და ფილმი აბსურდის თეატრალური ელემენტებით, რომელმაც რეჟისორს წარმატება არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ, კანის კინოფესტივალზეც მოუტანა.

"ცისფერი მთები" 1985 წელს კანში ერთი დღის განმავლობაში ორჯერ აჩვენეს. 2014 წელს კი ისტორია განმეორდა და "ცისფერი მთები" კანის კლასიკაში ათასი ფილმიდან 20 საუკეთესოში მოხვდა. ელდარ შენგელაიას სახელი და გვარი ისეთი რეჟისორების გვერდით აღმოჩნდა როგორებიცაა - ჰიჩკოკი, ვიტორიო დე სიკა, ფედერიკო ფელინი და გოდარი.

დღის ამბები