26 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
შეკითხვა აშშ-ის ელჩს სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით - კელი დეგნანის პასუხი და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პოზიციას სამწუხაროს უწოდებს. საუბარია ამერიკელი დიპლომატის მხრიდან სააკაშვილის საზღვრის კვეთის შეფასებაზე. მმართველი პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ სამართლის უზენაესობა, ამერიკის მსგავსად, საქართველოსთვისაც აქტუალურია.

პოლიტიკური შეფასებები კელი დეგნანის ინტერვიუს მოჰყვა. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ამერიკელ დიპლომატს შეკითხვა მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის კვეთაზე დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა - ამერიკის რომელიმე პრეზიდენტი ამ მეთოდით შტატების ტერიტორიაზე რომ შესულიყო, როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა სააკაშვილის ქმედება ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი? ელჩმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და კითხვას ჰიპოთეტური უწოდა.

ამერიკელი დიპლომატის პოზიციას "ხალხის ძალა" ანტიმეგობრულად აფასებს. კელი დეგნანის განცხადებას დღეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დამაზიანებელიც უწოდეს. ის, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის ელჩს აკრიტიკებს, ოპოზიციისთვის დიპლომატიური ენაა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კელი დეგანი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში მხარედ არ გამოჩნდეს. მმართველი პარტია პარტნიორი ქვეყნის დიპლომატისგან მეტ კონკრეტიკას ისურვებდა. ოცნება ელჩს ახსენებს, რომ სააკაშვილის საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. კელი დეგნანს მის პოზიციასთან დაკავშირებით განმარტება დღეს აღარ გაუკეთებია.

დღის ამბები