26 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ფული, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - რაში ადანაშაულებს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი "კრედიტ სუისს"

ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები "კრედიტ სუისის" მხრიდან პოლიტიკურ შანტაჟზე საუბრობენ.

"საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი "კრედიტ სუისთან" სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს" - სწორედ ამ სახელწოდებით რამდენიმე უცხოური მედიასაშუალება CS Victims-ის სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის მხარე ფაქტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბანკთან სამართლებრივმა დავამ პოლიტიკური სახე მიიღო. პრობლემები, როგორც წერილშია ნათქვამი, უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის შემდეგ დაიწყო. ივანიშვილის წარმომადგენლების ინფორმაციით, ძირითად აქტივებზე - თანხებზე წვდომა მას ამ დრომდე შეზღუდული აქვს. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ უფლებადამცველებთან ერთად ამ ფაქტს არაფორმალურ სანქცირებას უწოდებს.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა დღეს საქმეზე დამატებით აღარ ისაუბრა, რადგან მისი განმარტებით, განცხადებაში ყოფილი პრემიერის პოზიცია სრულად არის ასახული. წერილში ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები, ბანკის მხრიდან ფინანსური ტრანზაქციების შესაფერხებლად, ევროპარლამენტის რეზოლუციების მიზანმიმართულ გამოყენებაზე აკეთებენ აქცენტს.

საკითხის პოლიტიკურ მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გარკვეულ ძალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ.

გავრცელებულ წერილში, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები "კრედიტ სუისის" ტრასტების მხრიდან წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებებზეც საუბრობენ. იმ ფონზე, როდესაც ივნისში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, ბანკისთვის ტრანზაქციის შეფერხების არგუმენტად ერთი წელია სახელდება, ინტერესების დამცველებისთვის გაუგებარია, რატომ გადაიხადა თანხის ნაწილი სინგაპურის ტრასტმა, მაშინ, როდესაც ევროპულმა სათათბირომ მსგავსი შინაარსის ტექსტი დეკემბერშიც დაამტკიცა.

ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური აქტივების შეფერხებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს ოპოზიციის ნაწილი, თუმცა ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს. პარტია "გირჩში" ამბობენ, რომ ბანკი კუთვნილ თანხას კლიენტს მიზანმიმართულად არ უბრუნებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ ბანკის მხრიდან სამართლებრივი ნორმების იგნორირება კონკრეტული სცენარის ნაწილია. დეპუტატების თქმით, პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, რადგან ბანკმა უკანონო ქმედებებით მხოლოდ საკუთარი რეპუტაცია შელახა.

ბიძინა ივანიშვილი და მისი მრჩევლები საინფორმაციო კამპანიის ახალ ტალღას აანონსებენ. იგეგმება მტკიცებულებების გამოქვეყნება იმის შესახებ, თუ როგორ ანადგურებს "კრედიტ სუისის" მენეჯმენტი ბანკისა და შვეიცარიის იმიჯს.

დღის ამბები