სააპელაციო სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძეზის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე მ. ხ-ს, ბ. ჯ-სა და ა.წ-ს მიმართ. საქართველოს გენერალური პროკურატურის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორების არჩილ ტყეშელაშვილის, სალომე ჩიქობავას და გიორგი მიქავას, ასევე მსჯავრდებულ ა. წ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კახაბერ წერეთელის, მსჯავრდებულების - მ.ხ-ს, ბ. ჯ-ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების ზვიად კორძაძის, ეკატერინე ეგუტიას და მამუკა ჭაბაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი და მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით და თაღლითობაში დახმარება).
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გაათავისუფლა დანიშნული სასჯელის მოხდისგან,"- წერია განცხადებაში.