26 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ორად გახლეჩილ "ნაციონალური მოძრაობაში" არჩევნებისთვის რეგისტრაცია დასრულდა - სულ დარეგისტრირებულია 49 ათასზე მეტი ამომრჩეველი

დაპირისპირება ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნებამდე 3 დღით ადრე - ნიკა მელია თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი პარტიაში პარტიას ქმნიდა, ისე რომ თავად მელიამ არაფერი იცოდა.

პარალელურად დღეს არჩევნებისთვის რეგისტრაცია შეწყდა. სულ დარეგისტრირებულია 49 ათასზე მეტი ამომრჩეველი. ამის შემდეგ მათი იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა ვერ იქნება, ვინაიდან პარტია არის მიხეილ სააკაშვილის და მასში ათასობით ადამიანია გაწევრიანებული.

"არაფორმალური მმართველობის შესახებ მოარული ჭორები არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები. ის, რომ ანტიკორუფციული მოძრაობა შექმნილი იყო, ეს იყო პარტიის სტრატეგია. ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციული მდივანი და შესაბამისად ჩამოაყალიბებდა მოძრაობასაც და ყველა ექსპერტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას გააერთიანებდა იმისთვის, რომ "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონოდა თემები და სტრატეგია, და ამაში რა არის გასაკვირი ან რა პარტიული მოძრაობის ეჭვები გაუჩნდა ვინმეს? ამიტომ, ერთი არის ცალსახა და მნიშვნელოვანი - არაფორმალური მმართველობა "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, ამ პარტიაში არის გაწევრიანებული მრავალ ათეულათასობით ადამიანი," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ამბობს, რომ არსებული პროცესები პარტიაში მეორე მხარემ დაიწყო, მელიას ფლანგმა კი მხოლოდ და მხოლოდ პასუხი გასცა.

"მაშინ, როდესაც პარტიასთან შეწყვეტილი იყო ყველანაირი ფინანსური, ურთიერთობა ამ დროს პარალელურად მიმდინარეობდა კი რიგ პირებთან თავიანთი პროექტების დაფინანსება, რაც ვფიქრობ ძალიან არასწორია და ჯანსაღი ვერ იქნება. დისონანსი შემოაქვს ამ ყველაფერს პარტიაში. აქედან გამომდინარე მემგონი ყველამ ყველაფერი უკვე იცის, ძალიან ბევრი კარტი გაიხსნა. ძალიან მწვავედ აღიქვამენ ბევრ რამეს.

ეს ცუდი პროცესი დაიწყო მეორე მხარემ, ყველანი მომსწრეები ვართ ყველაფრის, ბრიფინგი ჩაატარა მეორე მხარემ, პროცესები დააინიცირა მეორე მხარემ, შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ პასუხი გავეცით," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება თავმჯდომარეობის კანდიდატებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში დაპირისპირებას მხარეებს გააერთიანებს.

"მე არ მინდა პროცესში სკეპტიციზმის შეტანა. იყო ტექნიკური შეფერხებები, კომპანიამ ძირითადი ტექნიკური შეფერხებები გამოასწორა, რამდენად მოესწრება ყველას გადამოწმება - ამაზე მუშაობს ჩვენი გუნდი. ძალიან სამწუხარო იყო, რომ იყო ასეთი მწვავე დაპირისპირება და პოლარიზაცია გაღრმავდა. მე მოვუწოდებდი ჩემს კონკურენტებს, რომ შეგვენარჩუნებინა ღირსება და არ გადაგველახა წითელი ხაზები და არ გადავსულიყავით ერთმანეთთან ტალახის სროლაზე. სამწუხაროდ მაინც მიიღო ასეთი სახე როგორც მიიღო. ვფიქრობ, რომ ჩემი პარტიის თავმჯდომარეობის პირობებში მე შევძლებ, რომ ყველა ეს სამწუხაროდ დაპირისპირებული ადამიანი გავაერთიანო და ყველა მათი ძლიერი მხარე გამოვიყენო," - ამბობს ნონა მამულაშვილი.

დღის ამბები