26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ყველგან არის წესი, რომ თუკი საზღვარს ვინმე უკანონოდ დაარღვევს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, ეს არის დასჯადი - დიმიტრი ხუნდაძე

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, რომელიც მან ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, შეფასებები გრძელდება მმართველ გუნდში. 

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, თუკი ვინმე საზღვარს უკანონოდ დაარღვევს, ეს არის დასჯადი ქმედება.

"ეს ყველგან არის წესი, რომ თუკი საზღვარს ვინმე უკანონოდ დაარღვევს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, ეს არის დასჯადი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თუ ვინმესთვის რთულია, ესე იგი, იქ სხვა სირთულეებია. ასევე, თუკი ამ კითხვაზე პასუხს ის არ ცემს, მაშინ გამოდის რომ ის ასეთი ტიპის ქმედებებს ახალისებს და ვფიქრობ, რომ ასეთი ხალისი მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მაშინაც და აქვს დღესაც  იმედი, რომ ასეთ საქციელს მას ვინმე ჩაუთვლის სწორად," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ მდგომარეობაზე პასუხის გაცემა მხოლოდ საქართველოს სასამართლოს შეუძლია.

"მე ვეთანხმები გარკვეულწილად, არ არის ელჩის პასუხგასაცემი მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ მდგომარეობაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს სასამართლოს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კელი დეგნანი ჟურნალისტის შეკითხვას - ამერიკის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით რომ შესულიყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი, ელჩი პასუხობს რომ შეკითხვა ჰიპოტეტურია. დეგნანის განცხადებით, ამერიკა სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

დღის ამბები