26 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
მებრძოლი ქალის პორტრეტი თუ ცხოველთა უფლებების დარღვევა - პარიზის მოდის კვირეული წელს სკანდალური აღმოჩნდა

მებრძოლი ქალის პორტრეტი თუ ცხოველთა უფლებების დარღვევა?! - პარიზის მოდის კვირეულის ირგვლივ ახლა მხოლოდ ეს კითხვა ისმის. ცხოველების თავები კოსტიუმებზე - პარიზში, მაღალი მოდის ჩვენებაზე სკიაპარელის კოლექცია კრიტიკის ობიექტია. ლომი, ლეოპარდი და მგელი- საღამოს კაბებზე ცხოველების გამოსახვას და ბეწვის გამოყენებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ნამუშევრები არაესთეტიურად შეფასდა. ფიქრობენ, რომ კოლექცია ადამიანის ძალის დემონსტრირება და ცხოველთა ჩაგვრაა.

კოლექციის შინაარსი სულ სხვაგვარად, ნამუშევრების ავტორმა განმარტა. "სკიაპარელის" კრეატიული დირექტორის, შთაგონების წყარო დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“ და ჯოჯოხეთის 9 წრე აღმოჩნდა. პოდიუმზე წარმოდგენილი სამი ცხოველი - სწორედ დანტეს პოემაში ჩნდება ლომი, როგორც სიამაყის, ლეოპარდი - ლტოლვის და მგელი - სიხარბის სიმბოლოდ. სიმბოლოები ავტორმა ქალის ხასიათთან გააიგივა.

კოლექცია, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, პოდიუმზე სუპერმოდელებმა წარადგინეს. ნაომი კემპბელმა, შალომ ჰარლოუმ და ირინა შეიკმა ცხოველების სამოსი მოირგეს. კრიტიკის გამო, მოდელებს ახლა კაბების და სკიაპარელის კრეატიული დირექტორის მხარდაჭერა უწევთ.

ჩვენების მთავარ თემად, მოდის კვირეულის სტუმარი კაილი ჯენერიც იქცა. შავი კაბა, რომელზეც ლომის თავი იყო მიმაგრებული ამავე კოლექციის ნაწილი აღმოჩნდა. მსახიობმა საკუთარი ჩაცმულობა "მზეთუნახავს და ურჩხულს" შეადარა. მხარდაჭერა ბრენდის მიმართ კი "ინსტაგრამ" პოსტით გამოხატა.

სკიაპარელის ჩვენებაზე მოდის ინდუსტრიის ყურადღება მისულმა სტუმარმა, დოჟა ქეთიმ მიიპყრო. მომღერალს წითელი კაბა ეცვა, სხეული კი სვაროვსკის 30 000 თვალით ჰქონდა დაფარული. კოსტიუმის დასრულებას ზუსტად 4 საათი და 48 წუთი დასჭირდა.

პარიზი ახლა ის ქალაქია, სადაც მაღალი მოდის შთამბეჭდავ ნიმუშებს დიზაინერები წარადგენენ. ჩვენება უკვე გამართა დიორის მოდის სახლმა. 1920-50-იანი წლების დახვეწილი სტილი - 2023 წლის მთავარ ხაზად დიორის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია კიური აირჩია.

მაღალი მოდის კვირეული პარიზში 26 იანვრამდე, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებით გაგრძელდება. სადაც ჟან პოლ გოტიე, ელი სააბი, ვალენტინო, ფენდი და სხვა წარმატებული ბრენდები ახალ ნამუშევრებს წარადგენენ. თუმცა გადაფარავს თუ არა რომელიმე წამყვანი მოდის სახლი "სკიაპარელის" ხმაურს - ამას მოდის კრიტიკოსები საკუთარ ბლოგებში დაწერენ.

დღის ამბები