26 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

20 წლის ფეხბურთელის კორონავირუსით გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. ცოტახნის წინ დასრულდა უფროსი ექთნის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა და თეა ბეგიაშვილს გირაო შეეფარდა. მას საგამოძიებო უწყება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გამოყენებას ედავება.

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში ნარკოტიკული პრეპარატების ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა საავადმყოფოს მედპერსონალი ირწმუნება, რომ პაციენტს სწორად მკურნალობდნენ. დაღუპულის ოჯახი პროკურატურისგან ბრალდებულთა წრის გაფართოებას და იმის დადგენას ითხოვს, თუ სად მიდიოდა ის პრეპარატები რასაც პაციენტის სახელზე წერდნენ.

"ბატონო მოსამართლე, არანაირ გადაცდომას ადგილი ჰქონია. ხელის მოწერა, რომელიც ფიქსირდება დანიშნულების ფურცელზე, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე დასტურია იმისა, რომ პაციენტის დანიშნულებაზე მოცემული მედიკამენტები ჩემს მიერ იყო დატოვებული პაციენტთან,"-აცხადებს თეა ბეგიაშვილი.

ამასთან, თეა ბეგიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მოსამართლეს შეეძლო თეა ბეგიაშვილი დაეტოვებინა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე.

"გირაოს შემცირებას 7 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ნამდვილად არ ვეთანხმები და არ გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რაც მტკიცებულებების სახით არის საქმეში. დღეს ამ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეს შეეძლო თეა ბეგიაშვილი დაეტოვებინა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე. რადგან თეა ბეგიაშვილი არც მიმალვას და არც მოწმეებზე ზემოქმედებას არ აპირებს. მისი ერთადერთი მიზანი არის, რომ დაიცვას თავისი უფლება და საზოგადოებას ანახოს, რომ ის ნამდვილად მართალია,"აცხადებს გიორგი გელენიძე.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებას- გიორგი ნადირაძის თქმით, საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.

"კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. პროკურატურის სახელით გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სხდომას, მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ  ბრალდებულმა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა და სასამართლომაც გაიზიარა. გამოძიება კვლავ გრძელდება და დამატებით მოპოვებული იქნება ყველა შესაძლო მტკიცებულება,"-აცხადებს გიორგი ნადირაძე.

 

დღის ამბები