567 ამპულა ფენტალინი, 211 ამპულა მიდაზოლანი, მორფინი, კეტამინი, პროპოფოლი, ჰაროპელი დოლი და სხვა- დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა, ნარკოტიკული პრეპარატების ზედოზირებით გარდაიცვალა. ექსპერტების თქმით, ვახტანგ ჩარკვიანს ქვეყნის მთავარი კლინიკის ექიმებმა ერთმანეთთან შეუთავსებელი ძლიერი მედიკამენტები 20 დღის განმავლობაში გადაუსხეს, რამაც პაციენტის სიკვდილი გამოიწვია. დამოუკიდებელი ექსპერტი გია დეკანოზიშვილი დასკვნაში წერს, რომ მსოფლიოს პოპის მეფე მაიკლ ჯექსონს 2009 წელს გული სწორედ პროპოფოლის გადაჭარბებული დოზის მიღების შემდეგ გაუჩერდა. ეს ის ერთ-ერთი მედიკამენტია, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელს რესპუბლიკურში უკეთებდნენ.
დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა უკვე დაერთო ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეს, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს. სამედიცინო დოკუმენტების გაყალბების მუხლით ბრალი უკვე წარედგინა რესპუბლიკურის უფროს მედდას თეა ბეგიაშვილს. გარდაცვლილის ოჯახი ახლა პროკურატურისგან სხვა მედიკოსების დასჯასაც ითხოვს, რომელთა შორის არაერთი ცნობილი ექიმის სახელი და გვარია. "კურიერმა" დღეს საქმის მასალებიდან მათი ჩვენებები მოიპოვა. ექსპერტებისგან განსხვავებით, საავადმყოფოს მედპერსონალი ამტკიცებს რომ 20 წლის ფეხბურთელს სწორად მკურნალობდა.