26 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ორად გაყოფილ ”ნაციონალური მოძრაობაში” დაპირისპირების ახალი მიზეზი ისევ დავით კეზერაშვილია - ამჯერად დავის საგანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ მელიასთვის გაგზავნილი ავტომობილია

ორად გაყოფილ ”ნაციონალური მოძრაობაში” დაპირისპირების ახალი მიზეზი ისევ დავით კეზერაშვილია. ამჯერად დავის საგანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ მელიასთვის გაგზავნილი "ტოიოტა ლენდ კრუიზერის” ავტომობილი გახდა. პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს მიღებული საჩუქრის გამო, ისევ კეზერაშვილის გუნდის წევრები და მთავარი კონკურენტის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები აკრიტიკებენ. ძვირადღირებული მანქანის გარდა, ხაბეიშვილის გუნდმა პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ შეახსენა 2020 წლის არჩევნები და კეზერაშვილისგან მიღებულ ფინანსური დახმარებაც. ბრალდებები მელიას გუნდისთვის არასერიოზულია. ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარეს საჩუქრად მეორადი ავტომობილი არ სჭირდებოდა.

დავით კეზერაშვილის ნაჩუქარი ავტომობილის თემას ნიკა მელია "ფეისბუკ" სტატუსით გამოეხმაურა. კეზერაშვილს კონკრეტული კითხვითაც მიმართა. "დარჩა თუ არა კიდევ რამე რაც შეიძლება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა" იკადროს?!

ნიკა მელიას მიერ დასახელებული პეტრე ცისკარიშვილი მოქმედ თავმჯდომარეს ტყუილში ადანაშაულებს. ამბობს, რომ კეზერაშვილის გადაწყვეტილება მელიასთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელთან დაპირისპირებული პირები ამტკიცებენ, რომ მას ავტომობილის გარდა თავდაცვის ექს მინისტრისგან სხვა სახის დახმარებაც აქვს მიღებული. იმავეს ამტკიცებს პარტიის კიდევ ერთი წევრი ლევან ბეჟაშვილი.

ხატია დეკანოიძემ კეზერაშვილის საჩუქარზე საუბარი არ ისურვა. "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი მხოლოდ დაპირისპირების დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

მმართველ პარტიას ”ნაციონალურ მოძრაობაში” მწვავე დაპირისპირება არ უკვირს. ამბობენ, რომ ურთიერთ ბრალდებებმა სახელისუფლებო გუნდს გაუმყარა ეჭვი, რომ ოპოზიციურ პარტიაში საჩუქრებთან ერთად შესაძლოა არალეგალური თანხებიც ბრუნავდა. ახლა ამ კითხვაზე პასუხს ”ქართული ოცნება” პასუხისმგებელი უწყებისგან ელოდება.

დადასტურდება თუ არა, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში უკანონო ფინანსური ბრუნვა ეს აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დავით კეზერაშვილის მიერ ავტომობილის შეძენის საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აუდიტის სამსახური სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

 

 

დღის ამბები