დილა უკრაინაში თანამდებობის მაღალი პირების გადადგომით დაიწყო. პირველმა განცხადება პრეზიდენტის აპარატის ხელმძღანელის მოადგილემ დაწერა. კირილო ტიმოშნეკოს მოთხოვნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთში დააკმაყოფილა. ტიმოშენკოს სახელს უკავშირდება ე.წ "ავტომობილის" სკანდალი.
მედიის ინფორმაციით, მაღალჩინოსანი ამერიკის მიერ გადმოცემული "ჯენერალ მოტორსის" ავტომობილით გადაადგილდებოდა. ეს მაშინ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა კიევს კონკრეტული მანქანები მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოუყო.
გაქცევად შეაფასა უკრაინულმა მედიამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის გადადგომაც. ვიაჩესლავ შაპოვალოვს მინისტრმა რეზნიკოვმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა სამსახურიდან წასვლის შესახებ მისი მოთხოვნა ყოყმანის გარეშე დააკმაყოფილა. სავარაუდო მიზეზი - უკრაინელი სამხედროების კვებით უზრუნველყოფის საკითხი გახდა. ადგილობრივი მედია წერდა, რომ ჯარისკაცებისთვის შეძენილ პროდუქტებში შაპოვალოვმა თვითღირებულებაზე თითქმის 3-ჯერ მეტი გადაიხადა.
გადადგომის ე.წ "ფლეშმობს" წინ ზელენსკის განცხადება უძღვოდა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანაში ბევრი უთავმყოვარეო მაღალჩინოსანია - და ეს პრობლემა გადაწყვეტას საჭიროებს.
სახელმწიფო სამსახურისგან დასვენება საკუთარი ნებით გადაწყვიტა ასევე რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ივან ლუკერიამ. ოღონდ ზუსტად ერთი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც მისი კოლეგა კორუფციულ სქემაში მონაწილეობისთვის დააკავეს. სახლის ჩხრეკისას კი 400 000 დოლარი აღმოუჩინეს. საქმე გენერატორების შესყიდვას ეხებოდა.
პირველი ხმაურიანი გადადგომა კი არესტოვიჩის განცხადებას მოჰყვა. რომელმაც თქვა, რომ დნეპრში კორპუსის აფეთქების მიზეზი, რომელმაც 50-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდება გახდა. ამის გამო მას თანაგუნდელები დღემდე აკრიტიკებენ.
სავარაუდოდ, უკრაინას ის ხუთი გუბერნატორიც აზარალებდა, რომლებიც დღეს მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან ერთხმად გადააყენა. ისინი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში საქმიანობდნენ. საუბარია დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, სუმის და ხერსონის ოლქებზე. კონკრეტულად, რა სკანდალს ან კორუფციულ გარიგებას უკავშირდება მათი სახელები ჯერჯერობით უცნობია.
სკანდალი კი, რომელიც ამ დრომდე არ კარგავს აქტუალობას, უკრაინის დაზვერვის ორი სამსახურის დაპირისპირებას ან შეუთანხმებელ მოქმედებას ეხება. საქმე დენის კირეევის მკვლელობას უკავშირდება. ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ბიუროს თანამშრომელი იყო და რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. კირეევი, ამავდროულად კიევს მოსკოვიდან საჭირო ინფორმაციას აწვდიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ განცხადებაში ამბობს რომ დაზვერვის ბიუროს თანამშრომელი რუსეთის ჯაშუში ეგონათ, რის გამოც მოკლეს, ცხედარი კი კიევის ცენტრში დატოვეს.