26 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს გამოყენებული იარაღი ნოდარ ათუაშვილის ფარეხში ინახებოდა - რას ჰყვებიან თავდამსხმელის მეზობლები

იარაღს, რომლითაც 5 ადამიანი მოკლა, ნოდარ ათუაშვილი, სავარაუდოდ, ფარეხში ინახავდა. საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოტივი მეზობლებისთვის უცნობია.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ დამნაშავემ ცეცხლი ჯერ ეზოში გახსნა, შემდეგ კი, კორპუსის მესამე სართულიდან გააგრძელა. მომხდარის შესახებ, მოწმეებმა გამოძიებას დღესაც დეტალურად უამბეს.

"კურიერი" ესაუბრა პირს, რომელმაც სროლის დროს დაჭრილი სამი ადამიანი გადაარჩინა. გიორგი არიშვილი იმ მაღაზიის მფლობელია, რომელიც შეიარაღებული ათუაშვილის ერთ-ერთი სამიზნე იყო. სავაჭრო ობიექტში, ამ დროს, რამდენიმე პირი იმყოფებოდა. დაშავდნენ თანამშრომლები და ერთი მომხმარებელი. მაღაზიის მეატრონეს ტელეფონზე დაურეკეს და შველა სთხოვეს. გიორგი არიშვილი ადგილზე იმ დროს მივიდა, როდესაც თავდამსხმელი ჯერ კიდევ ისროდა. ის ნოდარ ათუაშვილის ტყვიებს გადაურჩა და დაჭრილების საავადმყოფოში დროულად გადაყვანაც მოახერხა. გიორგი არიშვილმა ერთ-ერთი დაჭრილი დღეს კლინიკაშიც მოინახულა.

მკურნალობას განაგრძობს ტრაგედიის ღამეს დაჭრილი 5-დან სამი პირი. ექიმების შეფასებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ტრაგედიის ღამეს ნოდარ ათუაშვილის მიერ გასროლილ ტყვიებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეექვსე გარდაცვლილი თავად თავდამსხმელია, რომელმაც სიცოცხლე ვითმკვლელობით დაასრულა. შეიარაღებული თავდასხმის დროს გარდაცვლილი პოლიციელის ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ვაზისუბნის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში გაიმართა.სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა მთავრობგის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად.

დაღუპული სამართალდამცველის ოჯახს ძალოვანი უწყების სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებმა მიუსამძიმრეს.

დღის ამბები