26 ნოემბერი 2024,   22:16
ვრცლად
გამოვაქვეყნე განცხადება, რომელიც სტატისტიკის დონეზე, უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ კოორდინაციაზე საუბრობს - ქართული ოცნების თავმჯდომარე ფეისბუქპოსტის შემდეგ დამატებით განმარტებას აკეთებს, ის ეხმიანება CNN-ის ეთერში გასულ ინტერვიუს და ამაზე სალომე ზურაბიშვილის რეაქციას.

CNN-ის წამყვანმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ინტერვიუში სანქცირებული საქონლის რუსეთში შეღწევის მარშრუტად საქართველო დაასახელა. ამ ფაქტს მმართველმა გუნდმა ქვეყნისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნა უწოდა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა მსგავს ბრალდებებს კატეგორიულად უნდა პასუხობდეს 

"სამწუხაროდ, გავრცელდა რამდენჯერმე ცრუ ინფორმაცია, მათ შორის, მაღალ დონეზე, საერთაშორისო და ბეჭდვით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ, თითქოს, საქართველოს გავლით ხდება სანქცირებული პროდუქციის შეტანა რუსეთის ფედერაციაში, რაც ჩვენ არაერთ გზის დავამტკიცეთ, რომ არის ტყუილი და მოგვიანებით, ეს შესაბამისი კითხვა გაჟღერდა CNN-ის ეთერში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის მიერ, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება აქ პოზიციების დაცვა.

დღეს მე გამოვაქვეყნე განცხადება, რომელიც სტატისტიკის დონეზე ადასტურებს უტყუარად იმას, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციების გვერდის ავლა. საუბარია ექსპორტთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე, რომელიც აჩვენებს იმას, რომ არათუ არაპროპორციული გაზრდა არ მომხდარა ექსპორტისა საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, არამედ ექსპორტის ზრდა ბევრად უფრო დაბალი იყო, ვიდრე სხვა ძირითადი პარტნიორი ქვეყნების შემთხვევაში.

აქედან გამომდინარე, ნათელია ის, რომ შეგნებულად ხდება სამწუხაროდ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რასაც საფუძვლად უდევს, ბუნებრივია, პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ ყველაფერი უნდა დავუპირისპიროთ ასეთ პოლიტიკურ ინტერესებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები