26 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ჭკვიანი ხმოვანი ასისტენტი და ქართულ ენაზე მოსაუბრე რობოტი - ქართველები მსოფლიოს გაოცებას განაგრძობენ

წარმატებული იდეები საქართველოდან - ქართველები მსოფლიოს გაოცებას განაგრძობენ. მაგალითად, ქართველებმა გამოიგონეს ჭკვიანი ხმოვანი ასისტენტი, - ქართულ ენაზე მოსაუბრე რობოტი, რომელიც დაგეხმარებათ ძალიან მარტივად დაჯავშნოთ ვიზიტი ექიმთან, ამით თქვენ დაგეზოგებათ დრო და ენერგია.

სამყაროს განვითარებასთან ერთად ვითარდება ტექნოლოგიებიც და ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი - პლატფორმა "სიგნიფაია", რომელიც ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს კონტრაქტების და ხელმოწერების გაციფრულებაში ეხმარება. დოკუმენტების ელექტრონულად ხელმოწერა მსოფლიო ბაზრისთვის სიახლე ნამდვილად არ არის , თუმცა ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც ხელშეკრულების გაფორმებისას უპირატესობა ჯერ კიდევ ე.წ. სველ ხელმოწერას ენიჭება. 

პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სტარტაპმა Calen-იმ შეიმუშავა. კომპანია ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა, თუმცა ინოვაციური მიდგომით მცირე დროში მომხმარებლების გაოცება შეძლო, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული ასისტენტი, რომელიც მიწერილი სიტყვების კონტექსტიდან აღიქვამს თქვენს სათქმელს, პასუხებთან ერთად, სერვისის მიღებაშიც დაგეხმარებათ – მაგალითად, დაგიჯავშნით ვიზიტს სტომატოლოგთან, სალონში. ამ გზით მომხარებელს დროც დაეზოგება და რესურსიც. ინოვაციური იდეა ირაკლი ბესელიძეს დაებადა, რომელმაც წლების წინ ამერიკასა და ავსტრალიაში ჩატბოტების შექმნით მიღებული გამოცდილების ქართულ ბაზარზე დანერგვა გადაწყვიტა.

ყველაფერი ფურცლების გარეშე და ელექტრონულად - ეს კიდევ ერთი ქართული სტარტაპის "სიგნიფაის" სამომავლო გეგმაა. საქართველოში არსებული ყველა მსხვილი ინდუსტრიიდან 200 000-მდე უნიკალური ხელმომწერი უკვე ჰყავთ , ბაზარზე კი ორი წლის წინ გამოჩნდნენ. დოკუმენტებზე ელექტრონული ხელმოწერა მომხარებელს სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია.

ახალგაზრდა სტარტაპერებს წინ დიდი გეგმები აქვთ, რომ გასცდნენ ქვეყნის ფარგლებს და მათი ინოვაციური პროდუქტი უფრო მეტ მომხარებელს შესთავაზონ.

სანამ მომხმარებლები ბანკში მივლენ, მათ მონაცემებს Optio კიდევ ერთი ქართული სტარტაპი იკვლევს და ამუშავებს. ეს ახალგაზრდები ადამიანებს საკუთარი ფინანსების მართვაში ეხმარებიან. კომპანია ქვეყნის მასშტაბს უკვე გასცდა და მისით მსხვილი ბიზნესკორპორაციებიც დააინტერესეს.

თავადაც სტარტაპერები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ ორგანიზაცია დაეფუძნებინათ, რომელიც ახალგაზრდებს იდეების განხორციელებაში დაეხმარებოდა. "სტარტაპ ჯორჯია"" ერთი წლის წინ შეიქმნა. ლაშა გორგოშიძე ჰყვება, რომ მათი მიზანი ქართველი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ამ მიმართულებით რეგიონული ჰაბის შექმნაა.

ქართველი ახალგაზრდების ნოვატორული იდეები უკვე გასცდა ქვეყნის საზღვრებს. ისინი ახლაც შრომობენ, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ და პატარა ქვეყნიდან მსოფლიოში საკუთარი სიტყვა თქვან.

დღის ამბები