26 ნოემბერი 2024,   22:16
ვრცლად
საშიში ლიფტები თბილისში - ვინ აკონტროლებს და ვისი პასუხისმგებლობაა ჩვენი უსაფრთხოება

"გამოძახებული ლიფტის კარი კაბინის გარეშე გაიღო", "შევედი და შუქი არ აინთო", "ლიფტი მოძრაობის დროს უცნაურ ხმებს გამოსცემს" - ალბათ, ხშირად გსმენიათ ასეთი ფრაზები იმ ადამიანებისგან, რომლებიც საბჭოთა დროს აშენებულ კორპუსებში ცხოვრობენ, თუმცა ლიფტის გაუმართაობის პრობლემა მხოლოდ ძველ აშენებულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას არ ექმნება. ლიფტების მოვლა-პატრონობის ვალდებულება სახელმწიფოს არ აქვს - ის კორპუსების ამხანაგობებს ეკუთვნის.

თუმცა, არსებობს არაერთი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მუნიციპალური დაფინანსებით პრობლემა მოგვარდეს. მთავარია ექსპერტიზის დასკვნა გვქონდეს, რომ ლიფტი ნამდვილად პრობლემურია. ფაქტია, რომ პრობლემები ჰქონდა ვაზისუბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტსაც, სადაც ერთი კვირის წინ ტრაგედია დატრიალდა.

იმას, რასაც შემდეგ ბედისწერას დავარქმევთ, ხშირ შემთხვევაში, ტექნიკური გაუმართაობა ჰქვია.

ვაზისუბანშიც ასე მოხდა, საცხოვრებელ კორპუსში რუტინული მგზავრობა ვერ შედგა. მეექვსე სართულზე გამოძახებული ლიფტის კაბინა ადგილზე არ მივიდა, თუმცა კარი გაიღო. ახალგაზრდა მამაკაცი შახტში ჩავარდა, მეუღლე მის დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი მოიყოლა.

ცოლ-ქმარს 4 წლის შვილი დარჩა, ტრაგედიას კი მთავარი კითხვა - იყო თუ არა ლიფტი ტექნიკურად გამართული?

სანამ გამოძიება ოფიციალურ პასუხს გაასაჯაროებს, ირკვევა, რომ ხარვეზებთან დაკავშირებით გამგეობისთვის არავის მიუმართავს. კორპუსის თავმჯდომარე "კურიერი PS-თან" ყვება, რომ ლიფტის შემოწმება 4 წელია არავის მოუთხოვია და მისთვის პრობლემებთან დაკავშირებითაც არ მიუმართავთ.

შესაბამისი თხოვნა არც გამგეობაში შესულა. ამას მუნიციპალიტეტში შეტანილი კორპუსის ამხანაგობის განაცხადიც ადასტურებს, თუმცა სხვა შინაარსის – ოქმის მიხედვით, რომელსაც ხელს მოსახლეობის უმრავლესობა აწერს, ირკვევა, რომ 9 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლებისთვის პრიორიტეტი არა ლიფტი, არამედ სხვა საკითხები იყო.

ვაზისუბნისგან განსხვავებით, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ამხანაგობამ დახმარება გამგეობას სთხოვა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ლიფტი გაუმართავია, შესაბამისად, ის დალუქეს. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

მხოლოდ წელს, საბურთალოს გამგეობაში მსგავსი შინაარსის 140 განაცხადია შესული, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ 60-ს აქვს. რომელი ლიფტის რეაბილიტაცია მოხდეს - პრიორიტეტები სწორედ სპეციალური დასკვნის მიხედვით უნდა განისაზღვროს. მომდევნო ეტაპზე კი გამგეობა ნებისმიერ პროექტს, მათ შორის ლიფტების შეკეთებას 100%-ით დააფინანსებს.

თბილისში ათასობით ავარიული ლიფტია. შეცვლა საშუალოდ 12 ათასი დოლარი ჯდება. შეკეთება კი დაზიანების მასშტაბზეა დამოკიდებული. თუმცა, მისი შეკეთებაც და ჩანაცვლებაც შესაძლებელია.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - "ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ" წერია, რომ ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კორპუსის მოსახლეობაა. თუმცა, მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაზე, ყოველწლიურად 40 მილიონამდე ლარს ხარჯავს. თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის კი ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები