ასობით მოქალაქე ტვირთების გადამზიდი კომპანიის წინააღმდეგ - მომხმარებლები Usa 2 Georgia-ს თაღლითობაში ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელში უამრავი ჯგუფი შეიქმნა, სადაც დაზარალებული ადამიანები წერენ, რომ უცხო ქვეყნიდან ამანათის გამოწერის შემდეგ მათ არარეალურად დიდი თანხა გადაახდევინეს. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ კომპანია ამანათს რამდენჯერმე უფრო დიდ ყუთში ათავსებს, რაც, ბუნებრივია, თანხას ზრდის.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა ძალიან მცირე ზომის მეხსიერების ბარათი გამოიწერა, თუმცა დაახლოებით 20-ჯერ უფრო დიდ ყუთში იყო მოთავსებული. შესაბამისად, ამანათის მოცულობა გაიზრდა, რამაც კომპანიისთვის ასანაზღაურებელი თანხაც გაზარდა. ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. ასეთ პრეტენზიას ასობით მოქალაქე გამოთქვამს.
საქმე სასამართლომდეც მივიდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელს აქვს უფლება, არ გადაიხადოს ნივთის ტრანსპორტირების საფასური კონკურენციის სააგენტოში საკითხის განხილვის დასრულებამდე.
Usa 2 Georgia-ს ათასობით მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მათი ერთი ნაწილი, დაახლოებით 4,400 მომხმარებელი გაწევრიანდა ჯგუფში "usa2georgia-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფი".
ტვირთის მოცულობით წონაზე ფასებს კერძო კომპანია თავად განსაზღვრავს, თუმცა მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევს ინფორმაციის მიწოდების პრობლემა, როგორც ჯგუფის კომენტარებში და ასევე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, მათ ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდა, არაფერი იცოდნენ. შესაბამისად, ნივთის მოცულობა კილოგრამებად ისე გადაიქცა, რომ უსიამოვნო სიურპრიზის შესახებ დაგვიანებით შეიტყვეს. ამასთანავე, Usa 2 Georgia ონლაინ შოფინგით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ნივთის ყუთით ჩამოტანას ან მის გადაფუთვას; გადაფუთვის დროს მცირდება ამანათის მოცულობა, ეს სერვისი ამ დრომდე უფასო იყო, ამ ეტაპზე კი ფასი გადაფუთვასაც დაედო. როგორც მომხმარებლები ამბობენ, ხშირად ეს სერვისი ვებგვერდზე ტექნიკურად გაუმართავია და მათ არ აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება.
ერთ-ერთმა მომხმარებელს ზურა ქასრაშვილს შავ პარასკევს "ამაზონიდან" 30 დოლარის ღირებულების ნივთის ტრანსპორტირებაში 160 ლარი დაუანგარიშეს.
ზურას და მის მეგობრის მსგავსად გაზრდილი ფასი გადაიხადა დავით დურგლიშვილმაც, თუმცა მას Usa 2 Georgia-თან კიდევ სხვა პრობლემაც აქვს. გასულ წელს გამოწერილ დრონში ზურამ 5200 დოლარი გადაიხადა, შიდა გადაზიდვის კომპანიამ მას ნივთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის შესახებ შეატყობინა, თუმცა Usa 2 Georgia-ში მას ეუბნებოდნენ, რომ დრონი არ იყო ადგილზე.
დავითმა დრონი ოფიციალური ვებგვერდიდან გამოიწერა, რომლითაც მანამდეც არაერთხელ უსარგებლია. 4 თვის განმავლობაში უამრავ გზას მიმართა, არაერთხელ დაუკავშირდა შიდა გადამზიდ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ამანათი შტატებში Usa 2 Georgia-ს ოფისში მიიტანოს, ფედექსის წარმომადგენლები ტექნიკის მიტანას ადასტურებენ, თუმცა მომხმარებელს ამ დრომდე გზავნილი არ მიუღია.
მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ გამოჩნდა ეკრანზე, თუმცა მათ უფლება მოგვცეს მიმოწერა გაგვესაჯაროებინა. მიზეზად კი დაგვისახელეს ხელშეკრულება.
მომხმარებელმა ხელშეკრულებაც გამოგვიგზავნა, სადაც ვკითხულობთ, რომ სხვა გრძელ ჩამონათვალთან ერთად კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს მის ბლოკირებას. ამანათზე ახლა აღნიშნულ მომხმარებელს გადასახდელი აქვს ამანათის ჩამოტანის ღირებულება მისი საწყობში შენახვის ჯარიმებთან ერთად, სულ 280 ლარი, თუმცა მას არ გამოაქვს ნივთი, რადგან ელოდება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პასუხს. სააგენტოში უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემით 107 განაცხადი შევიდა, მათი უმეტესობა გაზრდილ ფასს ეხებოდა, სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო საქმის შესწავლა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებამდე ცოტა დრო რჩება. "კურიერი" Usa 2 Georgia-ს ოფისში იმყოფებოდა საპასუხო კომენტარის ჩასაწერად, თუმცა არცერთი პასუხისმგებელი პირი ჩვენთან არ გამოჩენილა. კომპანიის თანამშრომელმა გვითხრა, რომ მათი პასუხი ოფიციალურ განცხადებაში წაგვეკითხა.
როგორ აანაზღაურებს კომპანია მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების არასაკმარის გზებს, ამას თვის ბოლოს გავიგებთ. კონკურენციის ეროვნულ სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს სამი სახით გადაწყვეტილება: დაადასტუროს დარღვევა, არ დაადასტუროს დარღვევა ან გააფორმოს პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება მოვაჭრესთან.