ამ წუთებში პოლიციაში, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველების გამოკითხვა მიმდინარეობს. გამომძიებლების შეკითხვებს უკვე უპასუხა მოწმემ, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეესწრო სროლას.
მარიამ შიოშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი პირველმა დარეკა პოლიციაში.
"00:15 საათიდან, როდესაც გავიგე უკვე სროლის ხმა და ეზოში გადავიხედე, იყო სროლები, შემდეგ უკვე დავრეკე პოლიციაში. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ისეთი სროლა, რომლის შემდეგ უკვე დავაფიქსირეთ, რომ იყო ძალიან ბევრი გარდაცვლილი. საშინელი სროლის გამო სპეცრაზმის დახმარება მოითხოვეს.
არაპროგნოზირებადი იყო ეს პიროვნება, სროლაც იყო ქაოსური, ვის ესროდა, რატომ ვერ ესროდა, ვერ გავიგეთ, რატომ მოხდა ეს," - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ამასთან, ადგილზე ჩავიდნენ ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც დაზარალებულები მოინახულეს და მოკლულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს. კახეთის სახელწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.