უკრაინაში ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია - 115-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 5 სასაზღვრო დასახლება. დაიჭრა ერთი არასრულწლოვანი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და 10-მდე კერძო სახლი. იერიში იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. განადგურებულია სამრეწველო საწარმო. ნგრევის მასშტაბი დგინდება. უკრაინელებმა რუსი სამხედროების იერიშები დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში მოიგერიეს.
"დღეს გრძელი დღე იყო - ოპერატიული გადაწყვეტილებები, საერთაშორისო კომუნიკაცია და სხვადასხვა საკითხი, რომლებიც ყურადღებასა და გამოხმაურებას იმსახურებს. მაგრამ, ახლა მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა.
დღეს ჩვენ დავემშვიდობეთ მათ, ვისი სიცოცხლეც ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნას შეეწირა. დენის მონასტირსკი, მისი კოლეგები სამინისტროდან: ევჰენ იენინი, იური ლუბკოვიჩი, ტეტიანა შუტიაკი, მიხაილო პავლუშკო, მიკოლა ანაცკი, ანდრეი მარინჩენკო... ბიჭები ეკიპაჟიდან: ალექსანდრე ვასილენკო, კოსტანტინ კოვალენკო, ივან კასიანოვი... ქალი და ბავშვი, რომლებიც დილით საბავშვო ბაღში მიდიოდნენ... ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და მეგობარს...
დენისი იყო პროფესიონალი, ნამდვილი პიროვნება, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ყოველდღე ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის გვემახსოვრება და განვიცდით, რომ არ დაბრუნდებიან.
უკრაინელებს, პატრიოტებს, პროფესიონალებსა და უბრალოდ საკუთარი თავის და სახელმწიფოს ერთგულებს ვერ დავაბრუნებთ. ვისურვებდი, რომ დღეს ყველას შეგვეძლოს ამის განცდა. განცდა იმისა, თუ რამდენი სიცოცხლე, რამდენი ნათელი ადამიანი წაგვართვა ომმა. მინდა, დღეს ყველამ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას... დიდი პატივისცემა ყველას, ვისი სიცოცხლეც ომმა შეიწირა! დიდი პატივისცემა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ომი ჩვენი მიწიდან განვდევნოთ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.