26 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
ენმ-ში კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერა დაპირისპირების ახალი მიზეზი ხდება, სახელისუფლებო გუნდი კი თვლის, რომ პარტია დაშლის პირას არის

კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერა "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ახალი მიზეზი ხდება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრები უკვე მეორე კვირაა საკუთარ პოზიციებს სასურველი თავმჯდომარის სასარგებლოდ ღიად აფიქსირებენ. დღეს ზუგდიდის ჯერი იყო. პარტიის წევრთა ნაწილმა აქ, სპეციალურ ბრიფინგზე ღიად თქვა, რომ მელიას გულშემატკივრობს და არ იზიარებს იმ მეთოდებს, რომლითაც მისი მთავარი კონკურენტი იბრძვის. ამ განცხადებიდან მალევე, იმავე ოფისში მორიგი ბრიგინფი ჩაინიშნა - ამჯერად ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად.

ზუგდიდის რაიონული ორგანიზაცია ერთადერთი არ არის, სადაც აზრი ორად იყოფა, მსგავსი პოზიციებია ბათუმშიც. აქაც, პარტიის წევრთა დიდი ნაწილი მხარს ნიკა მელიას უჭერს - მსგავსი მხარდაჭერა კი კითხვებს ლევან ხაბეიშვილს უჩენს. ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ მელია რაიონული ორგანიზაციების წევრს ურეკავს და გვერდში დგომას აიძულებს. ხაბეიშვილმა კონკურენტი დღეს უმოქმედობაშიც დაადანაშაულა.

ნიკა მელია კი დღეს მხარდამჭერებს ზუგდიდში შეხვდა. კონკურენტის ბრალდებები მისთვის მხოლოდ დისკრედიტაციის მცდელობაა. ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილის სხვა განცხდებებს აღარ გამოხმაურებია, მისი თანამოაზრეები კი ამბობენ, რომ ყველა რაიონულ ორგანიზაციაში პარტიის წევრები გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ და მათთვის იარლიყების მიწებება შეურაცხმყოფელია.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარტიაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს, ნონა მამულაშვილის ინიციატივაა.

თავმჯდომარეობის კანდიდატის წინადადება პოლიტსაბჭომ უნდა განიხილოს, თუმცა, ჯერ უცნობია, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, შეიკრიბება თუ არა ლიდერშიფი. მამულაშვილი საარჩევნო კითხვარში ერთი საკითხის დამატებას ითხოვს - უნდა დატოვოს თუ არა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტი.

რას გადაწყვეტს "ნაციონალური მოძრაობა" უმნიშვნელოა "ქართული ოცნებისთვის", საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოდან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გასვლა დამაზიანებელი მხოლოდ მათივე ამომრჩევლებისთვის იქნება. დეპუტატები "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებსაც აფასებენ და ამბობენ, რომ ახლა პარტიაში გავლენებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

"ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს 1 კვირაში აირჩევს. პოსტისთვის 4 კანდიდატი იბრძვის - მათ შორის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

 

დღის ამბები