26 ნოემბერი 2024,   22:16
ვრცლად
20 იანვრის ღამის გამოძახება გმირი პოლიციელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - ოთარ ღვინაშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 18 წლის გოგო გადაარჩინა

20 იანვრის ღამე და გამოძახება, რომელიც 37 წლის პოლიციელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის აივნიდან ყოფილი სამხედრო ესროდა ყველას, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა. მიზანში იღებდა მშვიდობიან მოსახლეობას, ექიმებს, ერთმანეთის დასახმარებლად მისულ მეზობლებს და სამართალდამცველებსაც.

საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროს დეტექტივს, პოლიციის უფროს ლეიტენანტს მკვლელმა ზურგში იმ დროს ესროლა, როცა სამართალდამცველი დაჭრილი მოქალაქის გადარჩენას ცდილობდა. მიზანმა გაამართლა. ოთარ ღვინაშვილი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, გოგონა გადარჩა, თუმცა თავად სასიკვდილოდ დაიჭრა. ახალგაზრდა პოლიციელის გმირობაზე ახლა მთელი საქართველო საუბრობს. მის ორ შვილსა და ოჯახს კი მამის საგმირო ისტორია და მოგონებები დარჩა.

მხიარული, მოსიყვარულე და პროფესიაზე შეყვარებული პოლიციელი - ასე ახასიათებს ნინო ღვინაშვილი მეუღლეს. წარსულ დროში ლაპარაკი უჭირს, თუმცა ამაყია მისი გმირული საქციელით: პოლიციელმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 18 წლის გოგო გადაარჩინა. ოთარ ღვინაშვილი ლიზა ჭიაბერაშვილს გადაეფარა და შეიარაღებული თავდამსხმელის ტყვია მოხვდა.

მამას ემოციების გარეშე ვერ იხსენებენ ოთარ ღვინაშვილის შვილები. რას ნიშნავს გმირობა - 11 წლის ანამ და 12 წლის გიგამ, საკუთარი მამის მაგალითზე გაიგეს.

37 წლის პოლიციელის გმირობაზე საგარეჯოში ყველა საუბრობს. "კურიერმა" გადარჩენილი ლიზა ჭიაბერაშვილის თანამშრომელი ჩაწერა. ლიკა ადამია დეტალურად იხსენებს, როგორ გადაუდგა წინ ავტომატის ტყვიას გამოძახებაზე მისული პოლიციელი.

"კურიერი" ესაუბრა ასევე მამაკაცს, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრილი პოლიციელი ავტომობილში ჩასვა და პირველადი დახმარება გაუწია.

ოთარ ღვინაშვილი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში ირიცხებოდა. ბოლოს ის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში უფროს დეტექტივად მუშაობდა, იყო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი. მეუღლესთან და შვილებთან ერთად ის თბილისში ცხოვრობდა, თუმცა სამსახურეობრივ მოვალეობას კახეთის რეგიონში ასრულებდა. სწორედ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გაუხსნა თავდამსხმელმა მას ცეცხლი.

გმირულად დაღუპულ პოლიციელს პატივი მიაგეს დღეს კოლოგებმა. ოჯახს პირადად მიუსამძიმრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. ოთარ ღვინაშვილს სამშაბათს მშობლიურ ჩაილურში დაკრძალავენ.

დღის ამბები