26 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ბინები სიმბოლურ ფასად და ათობით მოტყუებული მოქალაქე - ბრალდებულის სკამზე 3 ქალი ზის, მათ თაღლითურად 1 მილიონზე მეტი მიითვისეს

ბინები სიმბოლურ ფასად და ათობით მოქალაქე მოტყუებული - თაღლითური სქემა პროკურატურამ გაშიფრა.

სამი ქალისგან შემდგარი ჯგუფი, სახელმწიფოს სახელითა და ვითომ ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით, კონკრეტული სოციალური სტატუსების მქონე ადამიანებს უკავშირდებოდა. აწყობდნენ შეკრებებს ქუჩებში და სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, უსახლკარო ადამიანებსა და დევნილებს საცხოვრებლებს სთავაზობდნენ. თაღლითები მსხვერპლს ეუბნებოდნენ, რომ ბინები თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და საირმეში სახელმწიფო დახმარების პროგრამით რიგდებოდა.

"კურიერმა" საქმის სხვა მასალებიც მოიპოვა - ის ვიდეოჩანაწერები, რომელიც ახლა გამოძიებისთვის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს. როგორც ირკვევა, დამნაშავეები ბინებს წინასწარ ქირაობდნენ, შემდეგ აღწერით ვიდეოებს იღებდნენ და მათ მსხვერპლებს უგზავნიდნენ.

დაზარალებული მინიმუმ 41 ოჯახია, თაღლითური სქემით მიღებული თანხა კი მილიონს სცდება. ახლა ქეთევან ყანდაშვილი, მადონა ძნელაძე და ნინო ბულაური საბრალდებო სკამზე სხედან. სამივე მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"კურიერთან" მხოლოდ ნინო ბულაურის ინტერესების დამცველები საუბრობენ. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მეტიც, ადვოკატების მტკიცებით, ის თავად დაზარალებულია. ამბობს, რომ მის თანხას თაღლითურად, ასევე ბრალდებული ქეთევან ყანდაშვილი დაეუფლა.

პროკურატურას, ვიდეოჩანაწერის გარდა, საბანკო გადარიცხვების ამონაწერები, ასევე მოწმეებისა და დაზარალებულის ჩვენებები აქვს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, პროკურორი ფიქრობს, რომ დაკავებულების ბრალეულობის დამტკიცება არ გაუჭირდება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დღესაც გრძელდება. არ არის გამორიცხული, როგორც დაკავებულების, ისე მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები