26 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
უკრაინული მედია: "თავდაცვის სამინისტროს "ზურგის ვირთხები" ომის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ საკვებზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სამშვიდობო პერიოდში"

"თავდაცვის სამინისტროს "ზურგის ვირთხები" ომის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ საკვებზე უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე სამშვიდობო პერიოდში" - ამ სათაურით ჟურნალისტი იური ნიკოლოვი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარისო ნაწილებისთვის საკვების შესაძენად გაფორმებულ ხელშეკრულებებს განიხილავს. მასალას თან აქვს დართული დოკუმენტაცია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლისთვის სამხედრო ნაწილების გამოსაკვებად 13,6 მილიარდი გრივნის შეთანხმება გააფორმა. 

ამის შესახებ ონლაინ გამოცემა investigator.org.ua, ასევე ონლაინ გამოცემა ZN.UA-ის ჟურნალისტის, იური ნიკოლოვის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს. იური ნიკოლოვი ასევე პროექტ "ჩვენი ფულის" დამფუძნებელია. 

ჟურნალისტი იმ საჯარისო შენაერთების საკვებით მომარაგების შესახებ წერს, რომლებიც პოლტავის, სუმის, კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვისა და ჩერკასკის რაიონებში არიან დისლოცირებული. ვრცელ მასალას ჟურნალისტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 13,6 მილიარდი გრივნის შეთანხმება 2022 წლის 23 დეკემბერს გააფორმა. 

როგორც ნიკოლოვი აღნიშნავს, სამინისტროს შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ფასები, ქვეყნის სხვა სასურსათო ქსელებში არსებულ პროდუქტის ფასებს შეადარა და აღმოაჩინა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებულ შეთანხმებაში, საკვები პროდუქტების ღირებულება 2-3-ჯერ უფრო ძვირად არის შეფასებული. 

ახლანდელი, 13 მილიარდი გრივნის ღირებულების კონტრაქტი კი თავდაცვის სამინისტრომ შპს Active Company-სთან გააფორმა. კომპანიის საწესდებო კაპიტალი ათასი გრივნაა. 2021 წელს კი საგადასახადო სამსახურმა კომპანიას დღგ-ს გადამხდელის მოწმობა გაუუქმა, დაკვეთების შეუსრულებლობისა და დეკლარაციის წარუდგენლობის გამო.  

2019 წელს Aktiv Kompani ეროვნული პოლიციის ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა. საქმის მიხედვით, სავარაუდოდ, კომპანიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორებისთვის ძროხის ხორცით მომარაგების ტენდერში მონაწილეობის მისაღებად,  ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა.

იური ნიკოლოვის სტატიის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროსთან ამ კონტრაქტის დადებამდე ერთი თვით ადრე, Active Company-ის დამფუძნებელი და დირექტორი ვალერი მელეში გახდა, რომელიც მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საწარმოს "Белоцерковский военный торг"-ის დირექტორი იყო. Active Company-ის პირველი დამფუძნებელი კი, 2016 წელს ტატიანა შერემეტი იყო, რომელიც მანამდე თავის მხრივ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საწარმოს "Управление торговли Южного оперативного командования" შვილობილი კომპანიის "Одесский воинторг"-ის დირექტორი იყო.

"ანუ, Asset Company, სავარაუდოდ, არის შუა რგოლი, რომელიც შექმნილია პროფესიონალების მიერ სამხედროებისთვის საკვების მიწოდების სფეროში. ამ კომპანიას გასულ წლებში უკვე ჰქონდა მცირე სახელმწიფო შეკვეთები, მაგრამ მისმა ვარსკვლავმა მხოლოდ ახლა გაიბრწყინა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მთლიანად დაიფარა," - წერს ნიკოლოვი.

ამასთან, ჟურნალისტის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სახელით Active Company-სთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა ბოჰდან ხმელნიცკიმ, რომელიც ზაფხულში,  სამხედროებისთვის საბრძოლო მასალის ქურდობასთან დაკავშირებით გაჩხრიკეს.

დღის ამბები