გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახური (BND) შეშფოთებულია შეიარაღებული ძალების დიდი დანაკარგებით ბახმუტისთვის ბრძოლებში- ინფორმაციას ამის შესახებ Der Spiegel-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გერმანიის დაზვერვის სამსახურმა ბუნდესტაგის წევრებს მიმდინარე კვირაში აცნობა, რომ უკრაინის არმია ამჟამად რუს ოკუპანტებთან ბრძოლებში ყოველდღიურად სამნიშნა რაოდენობის ჯარისკაცებს კარგავს.
ამავდროულად, BND-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ისიც, რომ რუსების მიერ ბახმუტის აღებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, რადგან ეს რუსეთს შემდგომი წინსვლის საშუალებას მისცემს.
გერმანიის დაზვერვის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მახლობლად დაუნდობელი სისასტიკით მოქმედებდნენ, თავიანთ ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, თუმცა დიდი დანაკარგები, როგორც ჩანს, გავლენას არ ახდენს მათ საბრძოლო ტაქტიკაზე.