მოკავშირეების ძლიერმა ზეწოლამ გერმანიაზე ვერ იმუშავა. ბერლინი უკრაინისთვის ლეოპარდების გადაცემის თაობაზე ისევ ყოყმანობს, თუმცა ტანკების მარაგების შემოწმების ბრძანება გაცემულია. ნატოს ქვეყნებმა რამშტაინში გამართულ შეხვედრაზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, თუმცა ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ რიგით მერვე შეხვედრის შედეგად პარტნიორებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდა და ეს უკრაინისთვის მოკავშირეების მიერ დღეს გამოყოფილმა სამხედრო დახმარებაც აჩვენა.
ანალიტიკოსების აზრით, ბერლინი ტანკების გადაცემაზე უარს ბირთვული ომის საფრთხის შიშით ამბობს. შოლცის მთავრობა რუსეთთან დაპირისპირებას უფრთხის, თუმცა ამავდროულად არც მოკავშირეებთან სურს უთანხმოება. გერმანია შტატების და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას აწვდის, თუმცა როგორც ადგილობრივი პრესა წერს, გერმანული დაზვერვა შეშფოთებულია უკრაინის დიდი დანაკარგით ბახმუტში. ამავდროულად სულ უფრო ხშირად ისმის კრემლიდან მუქარა.
ოპტიმიზმს ინარჩუნებს ნატოს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ლეოპარდების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი კვლავ მოლაპარაკების საგნად რჩება.
შეხვედრის მონაწილეებს დღეს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინისთვის გადასაცემი ტანკების რაოდენობაზე ნუ ივაჭრებენ. უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ ლეოპარდების კიევისთვის გადაცემა ბრძოლის ველზე თამაშს შეცვლის.
რამშტაინის საავიაციო ბაზაზე დღეს ლოიდ ოსტინმა შტატების მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული ახალი $2.5 მილიარდიანი დახმარების პაკეტზეც ისაუბრა. სამხედრო დახმარებაში ტანკები არც ამჯერადაა გათვალისწინებული თუმცა, უკრაინას გადაეცემა დამატებით 59 Bradley-ის ჯავშანმანქანა ად Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.