26 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
"ევრაზიის შუა დერეფანი- ბილიკიდან მაგისტრალამდე"- ევროპა ენერგეტიკულ რუკას ცვლის

ევროპა ენერგეტიკულ რუკას ცვლის. ახალი გეოპოლიტიკური კომპასის ისრები ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადადის. დავოსის ეკონომიკურმა ფორუმმა ტრანსკასპიურ დერეფანს, რომელმაც ევროპა რუსული ენერგომატარებლებისგან უნდა გაათავისუფლოს, ახალი დატვირთვა შესძინა.

სწორედ ევროპისთვის დამატებითი ენერგორესურსების მიწოდება და შავი ზღვის კაბელის ბედი იყო პანელური დისკუსიის მთავარი თემა, სადაც საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდა. ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარი, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველო და შემდეგ უკვე ევროპა - ევრაზიის შუა დერეფანი მსოფლიოსთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება.

იგეგმება, რომ ენერგომატარებლების გარდა, საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია გაიზარდოს სატრანსპორტო, სავაჭრო და ეკონომიკური კუთხითაც . მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ წელს დავოსის ფორუმი თბილისისთვის გამორჩეული იყო. ქართული დელეგაცია შეხვედრებს მთელი კვირის განმავლობაში მართავდა.

დავოსამდე იყო თბილისი, როცა ილჰამ ალიევი საქართველოში ჩამოვიდა. მოგვიანებით კი ბუქარესტი, სადაც ხელი მოეწერა მემორანდუმს აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის. ქვეყნისთვის მთავარი სარგებელი ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობაა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეერთებული შტატები რომ დიდი ხანია მხარს უჭერს, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. დღეს კელი დეგნანმაც ხაზგასმით თქვა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობს, რომ ქვეყანამ საკუთარი წვლილი შეიტანოს მნიშვნელოვან პროცესში. პროექტის წარმატების ნაკლებად სჯერათ ოპოზიციონერებს. დეპუტატები ქართულ ოცნებას პოლიტიკას უწუნებენ .

"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ გზავნილები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და რომ საქართველოს აქვს პოტენციალი ევრაზიის შუა დერეფანი გახდეს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის კვლევას დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება, ხოლო საბოლოოდ მისი გამართვა 3-4 წელიწადში დასრულდება.

ენერგეტიკოსების გათვლით, წყალქვეშა კაბელის გამტარუნარიანობა 1000 მეგავატია, რითაც ,,ენგურჰესის" სიმძლავრეს უტოლდება. ევროკავშირიდან კი სულ უფრო მეტი ქვეყანა გამოთქვამს შავი ზღვის კაბელის პროექტში ჩართვის სურვილს. 

დღის ამბები