26 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
"ევექსის“კლინიკაში აცხადებენ, რომ საგარეჯოში დაშავებულ ერთ-ერთ პირს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და მას ბინაზე სავარაუდოდ ხვალ გაწერენ

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც "ევექსის" ჰოსპიტალში მკურნალობს, თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ქირურგ-ოფთალმოლოგმა რევაზ ომიაძემ "რუსთავი2-ს" განუცხადა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სატელეფონო საუბრისას ექიმმა აღნიშნა ისიც, რომ პაციენტს სავარაუდოდ, კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

"პაციენტი ბინაზე, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამთენიისას შემოყვანილი იქნა პაციენტი თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობით- თვალში უცხო სხეულით. ჩატარდა პირველადი ოპერაციამ, რის შედეგადაც აღდგა თვალის კაკლის მთლიანობა. რაც შეეხება მხედველობას, ამის შესახებ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი დაინახავს თუ არ დაინახავს, ასევე დასჭირდება თუ არა დამატებითი ოპერაცია. სხვა არანაირი ჩივილები არ ჰქონია პაციენტს, როგორც ვიცი რაღაც ანასხლეტი მოხვდა თვალში,"-აცხადებს რევაზ ომიაძე.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მხედველობის შენარჩუნებასთან დაკშვირებით, ექიმი პასუხობს, რომ თვალის ნებისმიერი ტრავმის შემთხვევაში არის ალბათობა მხედველობის დაქვეითების. 

"ყველაფერია შესაძლებელი, ნებისმიერი თვალის ტრავმის შემთხვევაში. ამ დროს შესაძლებელია, როგორც საერთოდ თვალი დაკარგო, ასევე შესაძლოა დაუქვეითდეს მხედველობა- საკმაოდ მძიმე ტრავმა იყო,"-აცხადებს ექიმი რევაზ ომიაძე.

შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

 

 

დღის ამბები