საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში გრძელდება. რუსებმა დონეცკის ოლქზე 26-ჯერ მიიტანეს იერიში. ოკუპანტებმა 16 დასახლებას გაუხსნეს ცეცხლი. დაიღუპა 4 და დაშავდა 3 ადამიანი. თავდასხმისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის საჰაერო და სახმელეთო ტექნიკა. განადგურდა და დაზიანდა სხვადასხვა სახის სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსებიც.
გასული დღის განმავლობაში რუსებმა 224-ჯერ დაბომბეს ზაპოროჟიეს ოლქი, რაც დღის განმავლობაში რეკორდული რაოდენობაა. დაზიანდა სამოქალაქო დასახლებები, მსხვერპლზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
იერიშები იყო სუმის ოლქზეც. სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსმა ძალებმა ცეცხლი ქვემეხებიდან მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით ისროლეს. ტერიტორიაზე აფეთქდა 8 ნაღმი. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინას ორ-ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი გადაეცემა. აღსანიშნავია რომ ეს სამხედრო დახმარების პაკეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდია რაც აქამდე ყოფილა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინის და მისი პარტნიორების ამოცანაა რუსეთში გააძლიერონ განცდა, რომ ისინი უკრაინაში ვერაფერს მიაღწევენ.
"ახლა ჩვენი სახელმწიფოსა და პარტნიორების მნიშვნელოვანი ამოცანაა გავაძლიეროთ ტერორისტულ სახელმწიფოში განცდა, რომ ისინი უკრაინაში ვერაფერს მიაღწევენ. მიუხედავად იმისა თუ რამხელა ძალისხმევას დახარჯავენ და რამდენ ხალხს გაუშვებენ "კრემლის ბატონები" ბრძოლის ველზე. ჩვენი მიზნის შესრულება მრავალ ელემენტს შეიცავს, როგორც თავდაცვითს ისე პოლიტიკურს. ტანკები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. დასავლური ტიპის თანამედროვე ტანკები, რომლის მოწოდებაზეც ჩვენ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. "დამოუკიდებელ და უსაფრთხო უკრაინის გარეშე, დამოუკიდებელი და უსაფრთხო ევროპა ვერ იარსებებს. თავისუფალი უკრაინის გარეშე, ევროპა ვერ იქნება თავისუფალი" - ეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა და ეს შესაძლებელია იყოს ჩვენი წლევანდელი დევიზი ინტეგრაციის პროცესში. მადლობელი ვარ შვედეთის, დანიისა და ლიეტუვის ჩვენი თავდაცვისთვის ახალი სამხედრო პაკეტების მიწოდებისთვის, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს არმიას," - აცხადებს ზელენსკი.