26 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
მოხარული ვარ, რომ დამტკიცდა ის, რაც არის სიმართლე – სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ - თეა წულუკიანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

ევროპულმა სასამართლომ დაასრულა მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა. მოხარული ვარ, რომ დამტკიცდა ის, რაც არის სიმართლე, რომ სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასანანია, რომ თავის დროზე არაერთი დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტი სპეცრაზმელებსა და ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებს მკვლელობაში ადანაშაულებდა.

"რასაკვირველია, ამ საქმეს ძალიან კარგად ვიცნობ, ვინაიდან სწორედ იუსტიციის სამინისტრო იცავდა სახელწიფოს ინტერესს სტრასბურგში. მოხარული ვარ, რომ დამტკიცდა ის, რაც არის სიმართლე – სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელწიფო, ანუ სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურების ის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ სპეცოპერაცია არსებითად, არსებით ნაწილში ევროპულ და ევროპული კონვენციის სტანდარტს აკმაყოფილებდა. ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მტკიცებულებებზე კარგად იმუშავა. რა თქმა უნდა, ჩვენ სიმართლე ვიცოდით, მაგრამ ამ სიმართლეს დამტკიცება სჭირდებოდა. დასანანია, რომ თავის დროზე არაერთი ჩვენი  დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტი სპეცრაზმელებსა და ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებს პირდაპირ ადანაშაულებდა მკვლელობაში. დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რაც არის სიმართლე, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არც ერთ დონეზე სიცოცხლის, მოკვდინების დანაშაული არ ჩაუდენიათ, როგორც ამას უკვე სტრასბურგის სასამართლო ამბობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი პროცედურული დარღვევების გამოსასწორებლად ევროსაბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში სამოქმედო გეგმა შედგება.

"რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ პროცედურულ საგამოძიებო ნაწილში, როგორც მოგეხსენებათ, ეს განაჩენი დადგენილი წესით უკვე გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც პოლიტიკური ორგანოა ევროსაბჭოში, სადაც შედგება სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პროცედურული დარღვევები. მთავარია, ნათლად ითქვა, რომ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის უფლება არსებით ნაწილში არ დარღვეულა," – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.

სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტის დარღვევას, სიცოცხლის უფლების არსებითი ასპექტის დარღვევას კი, ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, როგორც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები დასკვნისთვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში.

დღის ამბები