ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფნების ძებნა ევროკავშირმა ბევრად ადრე გადაწყვიტა, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა და ჩრდილოეთის დერეფნები დაიხურებოდა. ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე ემზადებოდა საკუთარი ენერგოუსაფრთხოებისთვის ევროპის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის ლიეტუვა, რომელსაც დღეს ევროკავშირის ათამდე სახელმწიფოს მსგავსად, თხევადი ბუნებრივი აირის უკვე მოქმედი, საკუთარი ინფრასტრუქტურა აქვს. ტერმინალების მშენებლობის პროცესში არიან ბალტიის ტრიოს დანარჩენი ქვეყნები, კვიპროსი, ისლანდია და გერმანიაც, რომელმაც დათმო "ჩრდილოეთ ნაკადი 2", როგორც კი ანგელა მერკელის ადმინისტრაცია შეიცვალა.
მსოფლიომ იცის, რომ ევროპის გადაწყვეტილებებში გადამწყვეტი სიტყვა ბერლინს ეკუთვნის, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის კომისიონერი ბრიუსელში. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და შოლცის ადმინისტრაციის მოსვლამ ვითარება შეცვალა და ძალიან დიდი ხნით დაადო ბოქლომი იმ გზას, რომელზეც ევროპის ლოკომოტივი სახელმწიფო წლების განმავლობაში იყო დამოკიდებული. დღეს გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის ერთბაშად 4 ტერმინალს აშენებს: ვილჰელმსჰაფენში, შტადეში, ბრუნსბუთელსა და ლუბმინში.
ევროპაში ესმით, რომ ჩრდილოეთის ენერგოდერეფნების გახსნა ძალიან დიდი ხნის მანძილზე წარმოუდგენელი იქნება. თუმცა ევროპა იმასაც აცნობიერებს, რომ მხოლოდ თხევად გაზზე ვერ იქნება დამოკიდებული და მოსკოვის მიერ დაწყებულ ომს და ევროპის რუკის შეცვლის მცდელობას, შესაბამისად შეაგება ევროპის კონტინენტზე დიდი ენერგეტიკული რუკის ცვლილებაც. ამ რუკაზე ფოკუსირება უკვე სამხრეთზეა.
ენერგორესურსებით მდიდარ აზერბაიჯანში ევროპის პირველი დიპლომატის ჩასვლა უკვე ნათლად ადასტურებდა იმას, რომ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიულ ფუნქციას იძენდნენ და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფანი, რომლის ინიციატივა ევროპის კომისიამ ჯერ კიდევ 2008 წელს წამოაყენა, საკუთარ თავზე აიღებდა იმ დატვირთვას, რომლის აუცილებლობა ჩრდილოეთის დერეფნების დახურვის შემდეგ დადგა.
ბუნებრივი აირის თითქმის გაორმაგებული რაოდენობით მოწოდებაზე, ურსულა ფონ დე ლაიენის და პრეზიდენტ ალიევის შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოულოდნელი ვიზიტი ჰქონდა საქართველოში. საქართველოს პრემიერი კი მალევე ბუდაპეშტში, უნგრეთის პრემიერთან მართავდა მოლაპარაკებებს.
პრესკონფერენციიდან ცოტა ხანში გახდა ცნობილი შავი ზღვის ქვეშ, ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტის დაწყების შესახებ, რომელსაც ხელი საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მოაწერეს. ცერემონიაზე ბუქარესტში ევროკომისიის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინიციატივა და რამდენიმე სახელმწიფოს მიერ გადადგმული ერთობლივი ნაბიჯი, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ.
პროექტის მიხედვით, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი თითქმის 1200 კილომეტრის სიგრძის მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის კაბელი, ერთმანეთთან საქართველოს და რუმინეთის ენერგოსისტემებს აკავშირებს. ერთიან ევროპულ სისტემაში ჩართული რუმინეთი კი ევროპის სხვა ქვეყნებს მოამარაგებს. საქართველოს არა მხოლოდ ელექტროენერგიის ტრანზიტის, არამედ ექსპორტის და იმპორტის საშუალებაც უჩნდება. შავი ზღვის კაბელის საშუალებით, საქართველო პირდაპირ უკავშირდება ევროპის ერთიან ელექტროენერგეტიკულ ქსელს.
სამხრეთის მარშრუტები არაერთ ენერგეტიკულ სეგმენტს გააერთიანებს და ელექტროენერგიის შავი ზღვის კაბელით მიწოდების გარდა, ამ რუკის ფაზლის ნაწილები შაჰდენიზს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ტრანსანატოლიურ და ტრანსადრიატიკულ გაზსადენებს მოიცავს. ამავე სქემაშია შავიზღვისპირა პორტები და ტერმინალები. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი სახმელეთო დერეფანი, რომელიც ევროპასა შუა აზიასთან და ჩინეთთან აკავშირებს. თუმცა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრული ამოქმედებისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დახვეწაა საჭირო, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გახსნა, რომლის სახელმწიფოს მონაწილეობით მშენებლობის თაობაზე მთავრობამ დეკემბერში განაცხადა.
ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და სამხრეთის დერეფნის წარმატება ევროპის კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველყოფაა. ჩრდილოეთის ენერგეტიკულ მარშრუტებზე დამოკიდებულებით, სწორედ დასავლური ფული აძლიერებდა იმ სიკვდილის მანქანას, რომელსაც რუსეთი დღეს უკრაინაში იყენებს.